კალაძე: “სვეტის“ ობიექტებზე სამშენებლო პროცესის გაგრძელება 2020 წლის თებერვალიდან იგეგმება

ამის შესახებ დედაქალაქის მერმა თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„იცით, რომ კომპანია „სვეტის“ მშენებლობებთან დაკავშირებით ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადავდგით, გავაფორმეთ ხელშეკრულება სამშენებლო კომპანია „M2“-თან და 2500 დაზარალებულ ოჯახს აუცილებლად მოვუგვარებთ პრობლემას.

მათი ინტერესების გათვალისწინებით, თბილისის საკრებულომ „სვეტის“ სამშენებლო ობიექტებს ნუცუბიძის, მირცხულავას და ჭყონდიდელის ქუჩებზე მიანიჭა დაუმთავრებელი მშენებლობების სტატუსი, რის საფუძველზეც საფუძველზე, დაუმთავრებელი მშენებლობების საკითხების განმხილველი კომისიის ინტენსიური მუშაობის შედეგად უკვე დასრულდა სამშენებლო ობიექტებთან მიმართებაში არსებული არქიტექტურული, ურბანული, სატრანსპორტო და გარემოსდაცვითი საკითხების განხილვა;

დაზუსტდა და განისაზღვრა ის ხელშემწყობი ღონისძიებები, რომლებიც ამ პროექტის დასასრულებლად უნდა განხორციელდეს, რომ დროულად და რაც შეიძლება სწრაფად დავაკმაყოფილოთ დაზარალებულები“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, მომავალი წლის დასაწყისში კომპანია „M2“ სამშენებლო ნებართვებს მიიღებს.

„დღეს, კომისიის დადებითი რეკომენდაციის საფუძველზე, თბილისის მთავრობა განიხილავს და საკრებულოს შესათანხმებლად გადაუგზავნის „სვეტის“ ყოფილი მშენებლობების დასრულების მიზნით, მერიის ხელშემწყობი ღონისძიებების ნუსხას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.

ჩვენ გვქონდა კომუნიკაცია სამშენებლო კომპანიასთან და ვვარაუდობთ, რომ დაახლოებით, 2020 წლის იანვრის ბოლოს ან თებერვალში მიიღებენ სამშენებლო ნებართვებს. ამ პროცესში აქტიურად არიან ჩართულნი ჩვენი სამსახურები, როგორც სატრანსპორტო, ურბანული, არქიტექტურა, გარემოს დაცვითი სამსახური. ამ მჭიდრო თანამშრომლობით, თებერვალში უკვე შესაძლებელი იქნება უშუალოდ სამშენებლო სამუშაოების განხორციელება“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად