კალაძე: საქართველოსა და აშშ-ს შორი ორმხრივი ვაჭრობისა და ინვესტიციების გაზრდა იგეგმება

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ საქართველოს პრემიერმინისტრის მამუკა ბახტაძის აშშ-ში ვიზიტი წარმატებულად შეაფასა და აღნიშნა, რომ ამერიკა საქართველოს მხარდაჭერას აგრძელებს. როგორც კალაძემ დასძინა, საქართველოსა და აშშ-ს შორი ორმხრივი ვაჭრობისა და ინვესტიციების გაზრდა იგეგმება.

“ვულოცავთ საქართველოს პრემიერ-მინისტრს ძალიან მნიშვნელოვან და ნაყოფიერ ვიზიტს აშშ-ში. ამ ვიზიტით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ჩვენი ხელისუფლების პირობებში ურთიერთობები სტრატეგიულ პარტნიორთან უმაღლეს ნიშნულზე ავიდა, რაც გამყარებულია ამერიკის საქართველოსადმი პრაქტიკული მხარდაჭერით თითქმის ყველა მნიშვნელოვან სფეროში.

საზოგადოებამ მოისმინა სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს უმაღლესი შეფასება, რომ “საქართველოს ზრდა და განვითარება თავისუფალი ერის სახით ცხადყოფს, რომ ქვეყანა სწორ მიმართულებას ადგას” და რომ, ის ამაყობს ჩვენი პარტნიორობით.

მაიკ პომპეომ ხაზგასმით დაუჭირა მხარი საქართველოში მიმდინარე სასამართლო რეფორმას (სწორედ დღეს იქნება პარლამენტში საუბარი ამ წარმატებული რეფორმის მეოთხე ტალღაზე), აგრეთვე საპარლამენტო კონტროლის მოდელს, რომელიც წარმატებულმა კონსტიტუციურმა რეფორმამ მოგვცა და ანაკლიის პორტის მნიშვნელობას, რომელსაც აქვს საქართველოს ხელისუფლების უმაღლესი მხარდაჭერა.

სტარტეგიული პარტნიორობის ათი წლისთავზე მიღებული ერთობლივი დეკლარაცია მთლიანად გაჯერებულია ამ სულისკვეთებით და ნათქვამია, რომ:

1. აშშ მხარს უჭერს საქართველოს ინტეგრაციას გლობალურ ეკონომიკაში, რაც სარგებელს ორივე მხარეს მოუტანს. აშშ განაგრძობს საქართველოს რეფორმების მხარდაჭერას და მიესალმება მათ; 2. იგეგმება: ორმხრივი ვაჭრობისა და ინვესტიციების გაზრდა, საერთაშორისოდ აღიარებული ბიზნეს პრაქტიკის განვითარება და საქართველოს მხარდაჭერა რეგიონული კავშირების გაფართოვებაში, გაზარდოს ენერგოუსაფრთხოება და გახდეს სატრანზიტო და ლოჯისტიკური ჰაბი;

აშშ-ს და საქართველოს აქვს სრული თანხვედრა იმაშიც, რომ ძლიერი და პლურალისტული დემოკრატია, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, დამოუკიდებელი მედია, ადამიანის უფლებების პატივისცემა და ფუნდამენტური თავისუფლებები, კანონის უზენაესობა, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მთავრობა და აქტიური სამოქალაქო საზოგადოება არის აუცილებელი, რათა მხარი დავუჭიროთ საქართველოს განვითარებას”- განაცხადა კახა კალაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...