კალაძე: საქართველოს ევროპული მომავალი გარდაუვალია ამ ახალგაზრდობასთან, ამ თაობასთან ერთად

ამის შესახებ პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ თავისუფლები მოედანზე განაცხადა, სადაც საქართველოს ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობის აღსანიშნავი საზეიმო ღონისძიება მიმდინარეობს.

“დღეს ჩვენ, უკვე ევროკავშირთან ასოცირებული, ევროსაბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა ვართ, მაგრამ თითოეულმა ქართველმა, პირველ რიგში, ევროპა საკუთარ თავში, ყოველდღიურ ყოფაში უნდა დავამკვიდროთ და ამ შემთხვევაში ევროკავშირის ოფიციალურ წევრად ქცევა, უკვე მხოლოდ ფორმალობა იქნება.

ევროპაში, რა თქმა უნდა, უნდა შევიდეთ როგორც სახელმწიფო, როგორც ქვეყანა, მაგრამ ჩვენ ევროპაში აუცილებლად უნდა შევიდეთ ინდივიდუალურადაც, როგორც თითოეული ცალკე აღებული ადამიანი, რომელიც ყველაზე დიდი ფასეულობაა ამ კულტურულ სივრცეში.

მე დარწმუნებული ვარ საქართველოს ევროპული მომავალი გარდაუვალია ამ ახალგაზრდობასთან, ამ თაობასთან ერთად. თქვენ ხართ თავისუფალი თაობა, რომელიც არასდროს მოითმენს ვინმეს მხრიდან ჩაგვრას; ეს არის ამაყი თაობა, რომელიც არასოდეს აიტანს ვინმეს მხრიდან დამცირებას; ეს არის გონიერი თაობა, რომელიც ვინმეს მხრიდან პროპაგანდირებულ სიცრუეს არასოდეს დაიჯერებს; ეს ის თაობაა, რომელსაც ვეღარავინ ეტყვის შავზე თეთრს და თეთრზე შავს.

ეს ის თაობაა, რომელიც არავის აპატიებს ძალადობას, არავის აპატიებს დამცირებას, არავის აპატიებს სიყალბეს და არცერთ პოლიტიკურ ძალას არ მისცემს გასაქანს, ვისი არსებობაც ამ მეთოდებზეა დამყარებული.

ევროპელობა არის კეთილსინდისიერება საკუთარ თავთან, თანამოქალაქეებთან, ეს არი საქმისადმი თავდადება, სამშობლოს სიყვარული და მოფრთხილება, რაც ჩვენდა სამწუხაროდ, ძალიან აკლია დღეს პოლიტიკურ სპექტრს.

ჩემო ძვირფასო ახალგაზრდებო, მჯერა რომ, თქვენ, დამოუკიდებელ და თავისუფალ საქართველოში დაბადებული ადამიანები, უფროსი თაობის მიერ ევროპისკენ რთულად, წვალებით გაკვალულ გზაზე წარმატებით გაივლით, საქართველოს ევროპულ ოჯახში თავის ადგილს სამუდამოდ , აუცილებლად დაუმკვიდრებთ.

და დღეს, ჩვენი ხალხის, ჩვენი წინაპრების, დამოუკიდებელი საქართველოს მძიმე წლების, და მათ შორის ჩვენი ხელისუფლების ძალისხმევის ლოგიკური შედეგია ის, რომ საქართველო ყველაზე ახლოს არის ევროპასთან, ვიდრე ოდესმე ყოფილა.

იმ ოჯახთან, რომელშიც ჩვენი ღირსეული ადგილი მუდმივად გველოდება და თქვენთან, თქვენს თაობასთან ერთად აუცილებლად დავიკავებთ ამ ადგილს ამჯერად უკვე სამუდამოდ, მყარად და რაც მთავარია, ღირსეულად!

გილოცავთ თავისუფალ და ამაყ საქართველოს მოქალაქეებს, ევროპულ ოჯახში ადგილის დამკვიდრებისკენ გადადგმულ ამ უმნიშვნელოვანეს ნაბიჯს!

ჩვენს ერთობას, ჩემო მეგობრებო წინ ვერაფერი დაუდგება, ჩვენ ერთად ყველა მიზანს მივაღწევთ, გამორჩეულ ადგილს დავიმკვიდრებთ ევროპაშიც და მთელს მსოფლიოშიც! ყოველთვის ვემსახურები ჩემს ხალხს და ჩემს სამშობლოს.” – განაცხადა კახა კალაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად