კალაძე: სახელმწიფომ საკუთარი ვალდებულება შეასრულა და პარლამენტის უკანონო ბლოკირება აღკვეთა

ამის შესახებ, “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

“გვინდა გამოვეხმაუროთ რუსთველის გამზირზე მიმდინარე მოვლენებს და საპოლიციო ღონისძიებას, რომელიც წესრიგის აღსადგენად ჩატარდა.

საქართველოში, დაცულია სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, თუმცა პარლამენტთან, ოპოზიციის ქმედებები გასცდა კანონის ჩარჩოებს.

ჩვენ, ორი დღის განმავლობაში, ვაფრთხილებდით აქციის ორგანიზატორებს, რომ სახელწიფო ინსტიტუტის, პარლამენტის ბლოკირება არის უკანონო ქმედება, თუმცა, მიუხედავად ამისა, ნახეს რა, რომ არ ჰქონდათ ხალხის სათანადო მხარდაჭერა, აქციის ორგანიზატორებმა სიტუაციის გამწვავება და პროცესის დესტრუქციულ, უკანონო ქმედებებში გადაზრდა სცადეს.

დღეს, დილიდან, ამ ადამიანებმა სახელმწიფო ინსტიტუტების უკანონო ბლოკირება განაგრძეს, შეურაცხყოფას აყენებდნენ პარლამენტში შემსვლელ ადამიანებს და მიუხედავად მომიტინგეთა მცირე რაოდენობისა, გადაკეტილი ქონდათ გზის სავალი ნაწილი, რითაც უხეშად არღვევდნენ კანონს.

მიუხედავად შსს-ს მხრიდან გაკეთებული არაერთი გაფრთხილებისა, ხელისუფლების, თუ საერთაშორისო პარტნიორების მოწოდებისა, ოპოზიციონერმა ლიდერებმა უარი თქვეს კონსტიტუციურ ჩარჩოებში დაბრუნებაზე. შესაბამისად, სახელმწიფომ საკუთარი ვალდებულება შეასრულა და პარლამენტის უკანონო ბლოკირება აღკვეთა.

პოლიციამ გამოიჩინა მაღალი პროფესიონალიზმი და იმოქმედა კვალიფიციურად, აღადგინა წესრიგი და პროცესები კანონის ჩარჩოში დააბრუნა. ამისთვის გვსურს, მადლობა გადავუხადოთ თითოეულ სამართალდამცავს.

ამ დროსითვის, პარლამენტის ყველა შესასვლელი თავისუფალია და რუსთაველის გამზირზე მოძრაობა აღდგენილია.

მომიტინგეები თავისუფლად განაგრძობენ პროტესტის გამოხატვას პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე.

საქართველო არის დემოკრატიული სახელმწიფო და რა თქმა უნდა, კანონის ფარგლებში სახელმწიფო უზრუნველყოფს, როგორც თითოეული მოქალაქის სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას, ასევე კონსტიტუციის და საზოგადოებრივი მართლწესრიგის დაცვას!”,-თქვა კალაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად