კალაძე: ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ღირსეულად ვუპასუხოთ იმ გამოწვევას, რომელიც მოქალაქეებს აწუხებთ

თბილისის მერი კახა კალაძე პარტია “ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ინიციატივას არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების შესახებ უპრეცედენტოს უწოდებს და აცხადებს, რომ ხელისუფლება ეცდება, ღირსეულად უპასუხოს ყველა პრობლემას და გამოწვევას, რომელიც დღეს არსებობს.

“დღეს პარტიის თავმჯდომარისგან, ბიძინა ივანიშვილისგან მოვისმინეთ ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. იცით, რომ ეს ეხება კონკრეტულად არჩევნების პროპორციული წესით ჩატარებას 2020 წელს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და უპრეცედენტოს ვუწოდებ ამ გადაწყვეტილებას. ასევე ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ბარიერი საერთოდ უქმდება, რითაც ჩვენ ყველა პოლიტიკურ პარტიას ვაძლევთ შესაძლებლობას, თუ საზოგადოების მხრიდან ექნებათ მხარდაჭერა და თანადგომა, რა თქმა უნდა, მოხვდნენ პარლამენტში და პარლამენტში დააფიქსირონ თავიანთი ხმა სხვადასხვა საკითხზე. ვფიქრობ, ეს მოგვცემს შესაძლებლობას, სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულებების მქონე ადამიანებს ეყოლებათ თავიანთი წარმომადგენელები საქართველოს პარლამენტში.

მივესალმებით ამ გადაწყვეტილებას, თუმცა ვფიქრობ, პარტია „ქართულ ოცნებას“, ამ რეფორმის ფარგლებშიც ექნება ძალიან დიდი მხარდაჭერა და ჩვენ არაერთი მაგალითი შეგვიძლია, მოვიყვანოთ დაწყებული 2012 წლიდან, რაც კი არჩევნები ჩატარდა, გვაქვს ძალიან დიდი მხარდაჭერა საზოგადოების მხრიდან. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ღირსეულად ვუპასუხოთ ყველა იმ პრობლემას, ყველა იმ გამოწვევას, რომელიც დღეს აწუხებს ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს“,-განაცხადა კალაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...