„კალაძე „ოცნებაში“ თავს კომფორტულად არ გრძნობს და მისგან ცოტა გამიჯვნას ცდილობს“ – ინტერვიუ დავით ზურაბიშვილთან

კახა კალაძე „ქართულმა ოცნებამ“ მეორედ დაასახელა თბილისის მერობის კანდიდატად. ოპოზიციის ერთი ნაწილის კანდიდატი კი ნიკა მელიაა, რომელიც მერობისთვის ასევე მეორედ იბრძოლებს. რა შანსები აქვს ოპოზიციის კანდიდატს და რამდენად რეალურია მეორე ტური, ეს არის მთავარი კითხვა ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებით.

ამ და სხვა საკითხებზე „აიპრესთან“ ინტერვიუში პოლიტოლოგი დავით ზურაბიშვილი საუბრობს, თუმცა ინტერვიუს ჩაწერის მომენტში მელია მერობის კანდიდატად დასახელებული ჯერ არ იყო.

_ დაიწყო საარჩევნო კამპანია. კალაძე ხელმეორედ დაასახელეს კანდიდატად. ამ ფონზე ოპოზიციაში გაურკვეველია ვითარება, იქით ვაშაძე ამბობს, რომ მელიას არ დაუჭერს მხარს. ამ ფონზე რა შანსი აქვს ოპოზიციას?

_ გააჩნია ოპოზიციის მიზანი რა არის? ოპოზიციის მიზანი თუ არის ის, რომ მთლიანობაში ხელისუფლებამ არ აიღოს 43% და მიაღწიოს რიგგარეშე არჩევნებს ამის შანსი მაღალია. ამაზე მუშაობის პირობებში ეს რეალურია. მით უმეტეს გახარიას როლსაც თუ გავითვალისწინებათ.

თუ მიზანი თბილისის მერობის არჩევნებში გამარჯვებაა, ვფიქრობ აქ კალაძე აშკარა ფავორიტია. აქ არა მგონია ოპოზიციამ შეძლოს გამარჯვება.

_ მათ შორის არც იმას აქვს მნიშვნელობა გახარია ვის დაასახელებს?

_ გახარიას ფაქტორმა აქაც შეიძლება იმუშაოს, მაგრამ უფრო სავარაუდოა, რომ გახარია ვიღაცას დაასახელებს – არჩილ არველაძეზე იყო ლაპარაკი, რაც უფრო სავარაუდოს გახდის მეორე ტურს, მაგრამ რამდენად გაიმარჯვებს მეორე ტურში გახარიას კანდიდატი, ეს საეჭვოა. თუ მეორე ტურში გავიდა ხელისუფლება და ვთქვათ იგივე „ნაცმოძრაობა“, მაშინ ისევ ხელისუფლების კანდიდატი გაიმარჯვებს, ანუ, ისევ კალაძე.

_ მან თავის გამოსვლაში მედიაზეც ისაუბრა და გააკრიტიკა მედია და ახსენა, რომ ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს საზოგადოებაზე.

_ ეს ცნობილი სახელისუფლებო თეზისია. ეს არის აბსოლუტურად ამორალური და ინტელექტუალურად უსუსურია. რას ნიშნავს ფსიქოლოგიური ძალადობა?! კი, მედიის საქმეა ასე ვთქვათ, ფსიქოლოგიურად თავისი შეხედულებები გადმოსცეს. ზოგჯერ ეს ხდება ისეთი ფორმითაც, როდესაც ვიღაცას არ მოსწონს, მაგრამ თუ დემოკრატია გვინდა… რას ნიშნავს ფსიქოლოგიურ ძალადობას გვიწყობენ?! არ მომხდარა, არ უცემიათ ხალხი?! არ ყოფილა 53 ჟურნალისტი დაზარალებული?! არ გარდაცვლილა ადამიანი თუ რას გველაპარაკებიან?! არაფერი არ ხდება და მედიამ ისეთ დონეზე მიიყვანა ხალხი, რომ რა ქნას ამ „საწყალმა ხალხმა“ გამოვიდა და სცემეს მერე?! აქ მე ძალიან მიჭირს, რომ რაიმე სერიოზული კამათიც კი დავიჯერო, რომ ფსიქოლოგიურ ძალადობაზეა ლაპარაკი.

უბრალოდ, ყოველგვარი ძალადობის და ნაძირლობის, მოფაშისტო და პირდაპირ რუსეთთან მართული ჯგუფების „გათეთრების“ მცდელობა. იმიტომ, რომ ეს ჯგუფები სჭირდებათ არჩევნებში. იმ ჯგუფების არცთუ ჭკვიანი ლიდერები ამას არც მალავენ და პირდაპირ ეუბნებიან ხელისუფლებას, რომ თუ თქვენ ჩვენკენ არ იქნებით, მაშინ არჩევნებში აღარ მოგეხმარებითო.

იგივე კალაძეს, როგორც გითხარით დიდი შანსები აქვს, მაგრამ ეს პასაჟი, რაც მან თქვა, რომ ძალადობა ცუდია, მაგრამ აქ არის მეორე მხრიდან ფსიქოლოგიური ძალადობა, ეს არის სახელისუფლებო ხაზი – თუ ხელისუფლებაში ხარ, ეს უნდა თქვა. ვალდებული ხარ უბრალოდ. იმიტომ, რომ ბიძინა ივანიშვილიდან დაწყებული ქვემოთ ჩამოსული მათ ეს ფაშისტები და მოძალადე ელემენტები – ეს ჯგუფები უფრო ეძვირფასებათ, ვიდრე ჟურნალისტები.

_ რაც შეეხება იმას, რომ პრეზენტაცია მან სწორედ ამ თემით გახსნა და ჟურნალისტების ძალადობაზე ისაუბრა. დაგმო კიდეც ძალადობა და თქვა, რომ ყველა დამნაშავე უნდა დაისაჯოს. რა გზავნილი იყო ეს?

_ დაგმო, თან არ დაგმო… მე არ მრჩება შთაბეჭდილება, რომ კახი კალაძე მაინცდამაინც კომფორტულად გრძნობს თავს „ოცნებასთან“. მაგრამ, როგორც ჩანს სხვა გზაც არ აქვს.

_ ანუ, იმ ძალადობისგან გამიჯვნის მცდელობა ჰქონდა?

_ კი, რაღაცნაირად ცდილობს. როდესაც გახარია წავიდა ოპოზიციაში, განსხვავებით სხვებისგან კალაძე მას არ აგინებს. სხვებმა მოღალატედ გამოაცხადეს და სააკაშვილთან შეკრულად. ეს ხაზი აქვთ და თვით ბიძინა ივანიშვილმა გამოაცხადა მოღალატედ. კალაძეს ასე არ ულაპარაკია. იგივე ჟურნალისტების ძალადობაზეც ყველაზე უფრო „ლაითი“ კომენტარები აქვს. ამიტომ ცდილობს, რომ იყოს ცოტა გამიჯნული, მაგრამ ისეც არა, რომ წინააღმდეგობაში შევიდეს ხელისუფლებასთან. ის ჯერ არ აღმოჩნდა მზად, რომ ცალკე გამოსულიყო და „ოცნებას“ დაპირისპირებოდა, მაგრამ არც იმის სურვილი აქვს, რომ ბოლომდე აითქვიფოს ძალადობის ესკალაციაში, რომელშიც დანარჩენი ხელისუფლებაა ჩართული.

საბოლოო ჯამში შუაშისტური პოზიცია იმით მთავრდება ხოლმე, რომ ორივე მხარე უკმაყოფილოა. არც ოპონენტი მოგიწონებს, რომ ხელისუფლებაში დარჩი და არც ხელისუფლებას მოსწონს ის, რომ სხვა რომ „აპრავებს“, შენ რატომ არ „აპრავებს“ ის.

_ თუმცა, ამ ლოგიკიდან რომ ამოვიდეთ, აგერ კელი დეგნანსაც აკრიტიკებენ. დეგნანის კრიტიკა გვესმოდა ოპოზიციაში და ფაქტობრივად ხელისუფლებაშიც ფრონტის ხაზი გაუხსნეს მას.

_ კი გასაგებია, მაგრამ დეგნანის კრიტიკა სხვა ამბავია. მას აკრიტიკებდნენ იმისდა მიხედვით, ვის აკრიტიკებდა დეგნანი. ეს იმაზეა დამოკიდებული ვინ რა პოზიციაზეა.

_ ფონი რაც არის, ეს ნიშნავს თუ არა იმას, რომ გვექნება ცხელი საარჩევნო კამპანია?

_ არ ველოდები რაღაცა განსაკუთრებულს და იმისგან განსხვავებულს, რაც იყო. მაინც ვფიქრობ, რომ ხელისუფლება უფრო ფრთხილად იქნება, რადგან 5 ივლისის უბედურებამ ძალიან კარგად გამოაჩინა რა შეიძლება მოყვეს მოფაშისტო ჯგუფების უკონტროლო გამოშვებას ქუჩაში. ჯგუფების გამოშვება, რომ სხვებს მიუქსიო ადვილია, მაგრამ მერე გააკონტროლო, რომ ვიღაცა ისე არ ცემონ, რომ არ შემოაკვდეთ, ვიღაცა ისეთი არ გალახონ, რომელიც გალახვას არ იმსახურებს – იქ ქეთი დოლიძის შვილიშვილი არ სცემონ, იქ ბიძინა ივანიშვილის ნათესავი არ შემოაკვდეთ. ამის გაკონტროლება შეუძლებელია. ამიტომ, მგონია, რომ ცოტა უფრო ფრთხილები იქნებიან.

თუმცა ამ ჯგუფებს, რომ ყველანაირად გამოიყენებენ შეძლებისდაგვარად, ეს აშკარაა. ის, რაც საპარლამენტო არჩევნებზე მოხდა, როდესაც ჩართულები იყვნენ ყველა მოკრიმინალო ელემენტები, ეს რომ იქნება, ამაში დარწმუნებული ვარ. სხვანაირად არჩევნები არ ტარდება ჩვენთან.

ავტორი: იაგო ნაცვლიშვილი

კომენტარები
იტვირთება...