კალაძე: მეწარმეები, რომელთაც მუნიციპალიტეტისგან იჯარით აქვთ აღებული სივრცეები გათავისუფლდნენ 2020 წლის იჯარის გადასახადისგან

ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

„ მინდა შევეხო სრულიად სხვა სფეროს და გაგაცნოთ თბილისის მერიის კიდევ ერთი, მნიშვნელოვანი ინიციატივა. მოგეხსენებათ, ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ კერძო სექტორთან და შესაძლებლობის ფარგლებში, ყოველმხრივ ვუწყობთ ხელს ბიზნესის განვითარებას, ქალაქის ეკონომიკის ზრდას.
ახალი კორონა ვირუსის გავრცელებამ სერიოზული პრობლემები შეუქმნა ბიზნეს სექტორს, განსაკუთრებით კი ტურიზმის სფეროს.
აქედან გამომდინარე, გადავწყვიტეთ, ის მეწარმეები, რომელთაც ღია კაფეების და ბარების მოსაწყობად, მუნიციპალიტეტისგან იჯარით აქვთ აღებული სივრცეები (მიწები), გავათავისუფლეთ 2020 წლის იჯარის გადასახადისგან.
კიდევ ერთხელ დავაზუსტებ, რომ მთელი წლის იჯარის თანხისგან თავისუფლდება ყველა ის პირი, ვისაც ღია კაფეებისა და ბარების მოწყობის მიზნით, იჯარით აქვს ფართი აღებული თბილისის მუნიციპალიტეტისგან.
დღესდღეობით თბილისის ტერიტორიაზე 200 ასეთი ღია კაფე-ბარი მოქმედებს და იმედი გვაქვს ეს ნაბიჯი მნიშვნელოვნად შეუმსუბუქებს მდგომარეობას ამ მეწარმეებს, რომელთაც პანდემიის გამო მნიშვნელოვანი ფინანსური ზიანი ადგებათ” – განაცხადა კახა კალაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად