კალაძე: ხაზარაძის ადგილზე შემრცხვებოდა, მაგრამ არც ნამუსი გააჩნია და არც ზნეობა (ვიდეო) 

ასე პასუხობს თბილისის მერი კახა კალაძე, საზოგადოებრივი მოძრაობა “ლელოს” დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის ბრალდებებს, რომელიც “პროგრეს ბანკს” ეხება.

„მამუკა ხაზარაძემ აღარ იცის, თავისი სავარაუდო დანაშაული – ფულის გათეთრება და შეუსრულებელი ვალდებულებები როგორ გადაფაროს. „ნაციონალური მოძრაობის“ ნარატივში ჯდება და ვიცით, როგორია მიდგომები და დამოკიდებულება – დააბრალე სხვას ის, რასაც აფუჭებ შენ. ეს არის რეალობა.

რაც შეეხება „პროგრეს ბანკს“, ბიძინა ივანიშვილის შემოსვლა „პროგრეს ბანკში“ განპირობებული იყო მხოლოდ და მხოლოდ ერთი მოტივით, გადაერჩინა ბანკი იმ თაღლითებისგან და მოძალადეებისგან, რომელსაც სააკაშვილის რეჟიმი წარმოადგენდა. როდესაც მივიღე გადაწყვეტილება პოლიტიკაში შემოსვლასთან დაკავშირებით, ორად-ორი ბანკი იყო, „ქართუ“ და „პროგრეს ბანკი“, რომელსაც დაუწყეს ბრძოლა ყველანაირი აკრძალული მეთოდებით. დაიწყეს გაკოტრება იმ ადამიანების დაშინებით, ვისაც კრედიტებით ვემსახურებოდით. ერთადერთი მოტივი, რისთვისაც ბიძინა ივანიშვილმა 22%-იანი წილი შეიძინა და რამდენიმე მილიონი გადაიხადა, იყო ბანკის გადასარჩენად და ეს ასეც მოხერხდა. სხვა მას ბანკთან არანაირი შეხება არ ჰქონია საერთოდ.

ახლა ჩვენ ვისმენთ ამ ბრალდებებს. მარტივად შემიძლია ვთქვა, „თიბისი ბანკის“ მმართველები ფულის გათეთრებაში არიან ბრალდებულები. ამ ლოგიკით რატომ უნდა მივუდგეთ სხვა აქციონერებს? იგივე უნდა მოვთხოვოთ მაგალითად EBRD-ს და იგივე პრეტენზია უნდა იყოს მასთან? სრული პასუხისმგებლობით მინდა ვთქვა, რომ არანაირ გათეთრებებთან „პროგრეს ბანკს“ კავშირი არ ჰქონია. მეორე, ვთქვათ, რაღაც გადარიცხვები მართლაც განახორციელა ამ ბანკმა, რა შუაშია საერთოდ ბიძინა ივანიშვილი?

… თუ ბანკი ფულის გათეთრებით იყო დაკავებული, ბატონმა ხაზარაძემ ასეთი ბანკი როგორ შეიძინა? არ გიჩნდებათ კითხვები ამასთან დაკავშირებით? თურმე 2 წლის შემდეგ გაახსენდა, თურმე უყიდია ასეთი ბანკი, სამარცხვინოა! უბრალოდ სირცხვილია ასეთი განცხადებები! მე შემრცხვებოდა მის ადგილზე, მაგრამ როგორ უნდა შერცხვეს ადამიანს, რომელსაც არც ნამუსი გააჩნია და არც ზნეობა”, – განაცხადა კახა კალაძემ.

კალაძე გამოეხმაურა „ლელოს“ დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის განცხადებას, რომელიც „პროგრეს ბანკს“ შეეხებოდა. ხაზარაძემ მედიას განუცხადა, რომ აღნიშნული ბანკის შეძენა ბიძინა ივანიშვილმა შესთავაზა. ხაზარაძის თქმით, როდესაც 2016 წელს „პროგრეს ბანკის“ შესყიდვის პროცედურა დაიწყო, უცხოურმა აუდიტორმა აქტივები შეამოწმა, საიდანაც რამდენიმეს ყიდვაზე რეკომენდაცია გასცა, რამდენიმეზე კი ითქვა, რომ მათი შესყიდვა რეკომენდებული არ იყო. მამუკა ხაზარაძის თქმით, გაჩნდა ეჭვი, რომ ეს იყო ფულის გათეთრებასთან დაკავშირებული ტრანზაქციები”, – განაცხადა კახა კალაძემ.

ცნობისთვის, მამუკა ხაზარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ “პროგრეს ბანკის” შეძენა პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატრიული საქართველოს” თავმჯდომარემ და დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა შესთავაზა. მისივე თქმით, 2016 წელს როდესაც ბანკის შესყიდვის პროცედურა დაიწყო, გაჩნდა ეჭვი, რომ ეს ტრანზაქციები ფულის გათეთრებას უკავშირდებოდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად