კალაძე: ხაზარაძე ჩემსა და ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ წარმოებულ შავ კამპანიაში აიხლართა

„პროგრეს ბანკში“ სავარაუდო ფულის გათეთრების საქმეზე მამუკა ხაზარაძის მიერ გამოთქმულ ბრალდბებს თბილისის მერი კახა კალაძე პასუხობს და აცხადებს, რომ  ბრალდებულმა ბანკირებმა ვერ წარადგინეს მტკიცებულებად საერთაშორისო აუდიტორების მიერ მომზადებული დასკვნა, რომელიც მისივე თქმით, სინამდვილეში არ არსებობს.

„თავიდან გვეუბნებოდნენ, რომ არსებობდა საერთაშორისო აუდიტორული დასკვნა, რომელსაც თავიდანვე სიცრუე ვუწოდე. შემდეგ თიბისი ბანკმა თქვა, რომ ასეთი დოკუმენტი არ არსებობს. პირაპირ შეიძლება თქვას, რომ აიხლართა თავის მიერ წამოწყებულ  ამ შავ კამპანიაში ჩემს და ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ“, – განაცხადა კახა კალაძემ “იმედთან” საუბრისას.

ეროვნულმა ბანკმა 24 ოქტომბერს განაცხადა, რომ „პროგრეს ბანკთან“ დაკავშირებული მედიაში გავრცელებული დოკუმენტი არ აქვს. იმავე დღეს „თიბისი ბანკის გენერალურმა დირექტორმა თქვა, რომ თიბისი ბანკში არ არის საერთაშორისო აუდიტორული დასკვნა, რომელიც „პროგრესბანკში“ ფულის გათეთრებას დაადასტურებს, ან ამ მიმართულებით ეჭვს გააჩენს.

25 ოქტომბერს, მოსამართლემ გადაწყვიტა, რომ ბრალდებული ბანკირების საქმეზე არსებითი განხილვა დაიწყოს. პროცესი 8 ნოემბერს გაიმართება. საქმეს მტკიცებულებად არ დაერთვება უცხოელი ექსპერტების დასკვნა, რომელიც სხდომაზე ბრალდების მხარემ წარადგინა. მოსამართლემ აღკვეთის ღონისძიების გაუქმების შესახებ დაცვის შუამდგომლობაც არ დააკმაყოფილა.

მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს 2019 წლის 24 ივლისს ბრალი წარედგინათ ჯგუფურად, 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით)“.  მამუკა ხაზარაძემ საზოგადოებრივ მოძრაობის დაფუძნების შესახებ 9 ივლისს განაცხადა.

26 ივლისს სასამართლომ მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით, თითოეულს 700 000 ლარიანი გირაო შეუფარდა. ამავე საქმის ფარგლებში გენერალურმა პროკურატურამ ბიზნესმენ ავთანდილ წერეთლის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე 22 აგვისტოს აღძრა. საგამოძიებო უწყების განმარტებით, საქმე ეხება „თიბისი ბანკის“ ხელმძღვანელების მიერ უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციაში დახმარებას. საქალაქო სასამართლომ წერეთელს აღკვეთის ღონისძიების სახით 500 000 ლარის ოდენობის გირაო შეუფარდა, რაც მისმა ადვოკატმა გაასაჩივრა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად