კალაძე: გვინდა ხელი შევუწყოთ საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებას, ეტაპობრივად მოვახერხოთ ავტომობილზე უარის თქმა

თბილისის მერის თქმით, ოპონენტების მხრიდან საუბარი იმაზე, რომ თითქოს, დედაქალაქის მერია თბილისში კერძო ავტომანქანებს კრძალავს, არ არის სწორი. კახა კალაძის განმარტებით, მუნიციპალიტეტის პრიორიტეტი არის საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება.

„ჩვენ, რა თქმა უნდა, ახალს არაფერს ვიგონებთ, უბრალოდ ვიზიარებთ განვითარებულ დიდ ქალაქებში განხორციელებულ საუკეთესო პროექტებს. ისმის კითხვა – მაშინ რა უნდა გავაკეთოთ, რომ ეს პრობლემა იქნეს მოგვარებული? გამოსავალი არის ერთადერთი – საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება და ინდივიდუალური ტრანსპორტის გადაადგილების შემცირება. ჩვენი ხედვა, სტრატეგია მიმართულია სწორედ ამისკენ. ყველაზე მეტი ადამიანი დღის განმავლობაში გადაადგილდება, როგორც ავტობუსით და მიკროავტობუსით, ასევე მეტროთი. ჩვენ დავიწყეთ მთელი რიგი სამუშაოები მეტროში. ეს არის მეტროს ვაგონების განახლება-რეაბილიტაცია, ახალი შემადგენლობების ყიდვა. ძალიან მალე გვეცოდინება გამარჯვებული კომპანია. ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მიმდინარეობს მეტროში, რაც წლების განმავლობაში არავის გაუკეთებია. მთლინაობაში გვინდა, რომ ჩვენს მიერ წამოწყებული რეფორმა ძალიან სწრაფად დასრულდეს. იცით, რამდენად მძიმე მდგომარეობა იყო მეტროში ძალოვანი კაბელების მიმართულებით – ხშირი ავარიები, ხანძარი. ეს ყველაფერი იქნება მოწესრიგებული და გამართული.

ასევე, დავიწყეთ ავტობუსების ჩანაცვლება-განახლების პროცესი, წლის ბოლომდე მთლიანად ახალი ავტობუსების პარკი გვეყოლება და ქალაქში ყვითელი ჯართი აღარ ივლის. ამასთან დაკავშირებით ბევრი კითხვა ისმოდა – ყვითელი ავტობუსებით ვიაროთო? არა, ყვითელი ავტობუსებით არ იაროთ. ივლით ახალი, ეკოლოგიურად სუფთა, ევრო 6-ის ტიპის ავტობუსებით. ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციის ფარგლებში, პროექტი მთლიანად მორგებულია საზოგადოებრივ ტრანსპორტზე და ქვეითად მოსიარულეებზე. გამზირი სრულად მოპირკეთდა ბუნებრივი ქვით, სადაც სასიამოვნოა გადაადგილება და ხშირად ვიღებთ კომპლიმენტებს, განსაკუთრებით ქალბატონებისგან, ვინც ქუსლიანი ფეხსაცმელით გადაადგილდება, რაც ნამდვილად სასიამოვნოა. ასევე, შეიქმნა კონკრეტული ადგილები ველობილიკებისთვის, სკუტერებით სასეირნოთ და მთლიანობაში, ძალიან კარგი პროექტი გამოვიდა.

ზოგადად ჩვენი პოლიტიკის მოწინააღმდეგეები საუბრობენ იმაზე, რომ თითქოს კერძო ავტომობილით გადაადგილებას ვკრძალავთ. ჩვენ არ ვკრძალავთ და ვერც ავკრძალავთ. ჩვენ ხელი გვინდა შევუწყოთ საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებას, ეტაპობრივად მოვახერხოთ საკუთარ ავტომობილზე უარის თქმა და საზოგადოებრივ ტრანსპორტს მივანიჭოთ პრიორიტეტი“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად