კალაძე: გენგეგმას ქალაქის სწორი განვითარება დაეფუძნება და სამომავლოდ შეცდომებს აღარ დავუშვებთ

თბილისის მერმა დედაქალაქის მიწათსარგებლობის გეგმა კიდევ ერთხელ შეაფასა. სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში კახა კალაძემ გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა „სითი ინსტიტუტს“, თბილისის საკრებულოს წევრებს, საერთაშორისო და ადგილობრივ ექსპერტებს, ასევე, მერიის იმ თანამშრომლებს, რომლებიც ჩართულები იყვნენ გენერალური გეგმის შემუშავებაში.

„ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტია იმ თვალსაზრისით, რომ მას დაეფუძნება ქალაქის განვითარება. რაც მთავარია, სწორი განვითარება, რომ ჩვენ თავიდან ავიცილოთ ის, რაც ხდებოდა წლების განმავლობაში დედაქალაქში. ვფიქრობ, არავის სიამოვნებს და არ მოსწონს ის შედეგი, რაც მივიღეთ და რაც ხდება ქაოტური განაშენიანების თვალსაზრისით თბილისში. ეს არ ნიშნავს, რომ არსებულ მდგომარეობას და იმ შედეგს, რაც წლების განმავლობაში მივიღეთ, გამოვასწორებთ, თუმცა სამომავლოდ, ჩვენ აღარ დავუშვებთ შეცდომებს“, – განაცადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერი ოპოზიციის მიერ გაკეთებულ განცხადებებსაც გამოეხმაურა.

„საუბარი, რასაც დღეს ვისმენდით ოპოზიციური პარტიების მხრიდან, თითქოს ბოტანიკურ ბაღში 14 000 კვადრატულ მეტრ ტერიტორიას ზონა ეცვლებოდა, ამაზე გაკეთდა არაერთი განცხადება ჩვენი მხრიდან, რომ ყოფილა გარკვეული ტექნიკური ხარვეზი და სიმართლეს ნამდვილად არ შეესაბამებოდა ის, რომ მომავალში ეს ტერიტორია სამშენებლოდ იქნებოდა გამოყენებული. დღეს ყველას დავუმტკიცეთ და ვაჩვენეთ, რომ ეს იყო არასწორი ინფორმაცია. ასევე, მიდიოდა მანიპულაციები იმაზე, რომ რეკრეაციული ზონები შემცირდა“, – განაცხადა თბილისის მერმა.

კახა კალაძემ პირდაპირი ჩართვის ფორმატში აჩვენა მოსახლეობას მონაცემები, რომლითაც დგინდება, რომ 2009 წლის გენერალური გეგმით დამტკიცებული სატყეო ზონა, რომელიც პრაქტიკულად გამქრალი იყო და მხოლოდ 2 პროცენტს წარმოადგენდა, განახლებული გენერალური გეგმის ბოლო ვერსიით გაიზარდა 47%-მდე, სარეკრეაციო ზონა გაიზარდა 46%-მდე, ასევე შეიცვალა სტატუსი ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ზონამ და განისაზღვრა 6 პროცენტით. მათივე განმარტებით, ლანდშაფტური ტერიტორიის ნაწილის სტატუსი კიდევ უფრო გამკაცრდა და სატყეოში გადაინაცვლა.

თბილისის მერმა ასევე, განმარტა კ2 კოეფიციენტის გაცემის საკითხი და წარმოდგენილი სტატისტიკით მოსახლეობას აჩვენა, რომ 2018 წელს მხოლოდ 63 სპეციალური ზონალური შეთანხმებაა გაცემული პარამეტრის მატების კუთხით, რაც გაცილებით ცოტაა, ვიდრე წინა წლებში მიღებული შეთანხმებები.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...