კალაძე: დღევანდელი პრეზენტაციით ფარდა აეხადა იმ სიცრუეს, რომელსაც ოპოზიციის მხრიდან ვისმენდით

ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ფონდი ,,ქართუს“ და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ახალი საგანმანათლებლო სივრცის პრეზენტაციაზე განაცხადა.

„დღეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტის პრეზენტაცია ვიხილეთ. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ და მის დამფუძნებელს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი პროექტისთვის.

ეს, რა თქმა უნდა, არ არის პირველი პროექტი, რომელსაც “ქართუ” განათლების სისტემაში ახორციელებს. თუმცა, ქუთაისის ახალი საერთაშორისო უნივერსიტეტი თავისი მნიშვნელობით მაინც გამორჩეულია. მივესალმები იმას, რომ გაფორმდა მემორანდუმი იულიხის კვლევით ცენტრთან.

2020 წლის შემოდგომაზე სტუდენტები უკვე სწავლის დაწყებას შეძლებენ. პირველ ეტაპზე, უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურა გაშენდება 170 000 კვ მეტრზე. მშენებლობა გაგრძელდება მომავალშიც და, დაახლოებით, 1 მილიარდის ინვესტიცია განხორციელდება.

დღევანდელი პრეზენტაციით ფარდა აეხადა იმ სიცრუეს, რომელსაც ამ პროექტთან დაკავშირებით ოპოზიციია მხრიდან ვისმენდით. ჩვენ ქმედითი კონკრეტული ნაბიჯებით გავაქარწყლეთ სრულიად უსაფუძვლო ბრალდებები.

კიდევ ერთხელ მადლობა საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ ასეთი მნიშვნელოვანი პროექტისთვის. განათლება არის მთავარი პრიორიტეტი ჩვენი ქვეყნისთვის, მომავალი თაობებისთვის. ჩვენ, რაც შეიძლება, მეტი განათლებული ახალგაზრდა გვჭირდება, რათა შემდეგ მათი ცოდნა ქვეყნის სასიკეთოდ გამოვიყენოთ.“ – განაცხადა კახა კალაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად