კალაძე: დარწმუნებული ვარ, ივანიშვილის ხელმძღვანელობით ჩვენ შევძლებთ საზოგადოების კონსოლიდაციას

 "ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი კახა კალაძე დარწმუნებულია, რომ ისინი ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით ახალი ხედვებისა და იდეების განსახორციელებლად  საზოგადოების კონსოლიდაციას შეძლებენ. როგორ მან "ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს" მეხუთე ყრილობაზე განაცხადა, პარტია განვითარების ახალ ეტაპზე გადადის. 

"დღეს იმართება პოლიტიკური გაერთიანება "ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს" მეხუთე ყრილობა, რომელზეც ჩვენ ავირჩევთ პარტიის თავმჯდომარეს და პოლიტსაბჭოს განახლებულ შემადგენლობას დავამტიცებთ. მოგეხსენებათ, ჩვენ ვართ ძალა, რომელმაც 2012 წელს ბატონი ბიძინა ივანიშვილის თაოსნობით გარდამტეხი წვლილი შეიტანა ქვეყნის განვითარებაში. მინდა მადლობა გადავუხადო თითეულ თქვენგანს დღეს მობრძანებისა და ყრილობაში მონაწილეობისთვის. მინდა მადლობა გადავუხადო მთელ ქართულ საზოგადოებას, რომელიც არ შეეგუა უსამართლო რეჟიმს და ჩვენთან ერთად საერთო ძალისხმევით მოიპოვა ყველაზე ძვირფასი – თავისუფლება.

ამ სულისკვეთების, ამ შემართების და ადამიანური თავგანწირვის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა იმ დიდი გამარჯვევევბის მოპოვება, რომელსაც ჩვენ ყველამ ერთად მივაღწიეთ. ჩვენი პარტიის ისტორია ხანმოკლეა, მაგრამ მან უკვე ღირშესანიშნავი კვალი დატოვა საქართველოს უახლეს ისტორიაში. ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული პოლიტიკური გაერთიანების ირგვლივ მოხდა არადემოკრატიულ რეჟიმთან მებრძოლი მოქალაქეების კონსოლიდაცია. არჩევნების გზით ჩვენ ჩავანაცვლეთ საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ მიმართული ადამიანებზე, კანონზე მოძალადე ხელისუფლება ხელისუფლებით, რომლის მთავარი ღირებულებები ადამიანი და სამშობლოს სიყვარულია.

ჩვენმა პარტიამ ბიძინა ივანიშვილის თაოსნობით დააბრუნა ქვეყანა დემოკრატიისა და ევროპული ღირებულებების, სამართლის უზენაესობისა და კაცთმოყვარეობის გზაზე. ჩვენ შევძელით პრობლემების მნიშვნელოვანი ნაწილის დაძლევა, თუმცა, რა თქმა უნდა, კიდევ ბევრი საკითხის გადაჭრა არის საჭირო ჩვენი ქვეყნის და ხალხის კეთილდღეობის მისაღწევად.

პარტიის მეოთხე ყრილობის ჩატარებიდან დღემდე, გასული 2 წლის განმავლობაში გატარდა უმნიშვნელოვანესი რეფორმები ჩვენი პარტიის გასაძლიერებლად. განახორციელდა პარტიის ცენტრალური სტრუქტურების რეორგანიზაცია, გაძლიერდა პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციები. მნიშვნელოვნად განახლდა პარტიის პოლიტიკური გუნდი. პარტიაში განხორციელებულმა ცვლილებებმა შეასრულა უმნიშვნელოვანესი როლი ჩვენს საარჩევნო წარმატებაში 2016-2017 წლების საპარლამენტო და მუნიციპალურ არჩევნებში.

თავისუფალ და დემოკრატიულ არჩევნებში ხალხის მიერ გამოცხადებული ნდობის საფუძველზე ჩვენი პარტია აგრძელებს ზრუნვას ჩვენი ქვეყნის წინსვლასა და განვითარებაზე. დღეს ჩვენი პოლიტიკური გუნდის წინაშე ახალი ტიპის გამოწვევები დგას. ჩვენი პარტია გადადის განვითარების ახალ ეტაპზე და დარწმუნებული ვარ, ბიძინა ივანიშვილის ხელმღვანელობით ჩვენ შევძლებთ საზოგადოების კონსოლიდაციას ახალი ხედვებისა და იდეების განსახორციელებლად.

დარწმუნებული ვარ, დღევანდელი ცვლილებები იქნება მძლავრი იმპულსი საქართველოში პარტიული და პოლიტიკური ცხოვრების ახალ საფეხურზე გადასაყვანად",-განაცხადა კალაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად