კალაძე: ათწლეულების განმავლობაში დედაქალაქში დრამატულად შემცირდა მწვანე სივრცეები

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მთვრობის სხდომაზე კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე ახლადდაწყებული მშენებლობის შეჩერებაზე ისაუბრა.

თბილისის მერის თქმით, მისთვის მიუღებელია გამწვანებულ სივრცეში, მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება.

"გუშინ კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, „ოტიუმის“ წინ ჩვენ შევაჩერეთ ახლადდაწყებული მშენებლობა. ამის მიზეზი გახლავთ მისი ადგილმდებარეობა. პირადად ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია, ასეთი მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტის ტყეში, გამწვანებულ სივრცეში განხორციელება", – განაცხადა კახა კალაძემ. 

როგორც კალაძემ აღნიშნა, მესაკუთრეს ადგილმონაცვლეობა შესთავაზეს. 

"მეორე მხრივ, ბუნებრივია, ჩვენ პატივს ვცემთ საკუთრების უფლებას და ვფიქრობთ, რომ მესაკუთრე არ უნდა დავაზარალოთ. ამიტომ, ვთავაზობთ მას ადგილმონაცვლეობას, რათა ერთი მხრივ დედაქალაქს დაუბრუნდეს ეს ზონა, ხოლო მესაკუთრეს გადაეცეს ტოლფასი ღირებულების ქონება სხვა ტერიტორიაზე", – აცხადებს კახა კალაძე. 

თბილისის მერი კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ ის მწვანე სივრცეში მშენებლობების განხორციელების წინააღმდეგია. 

"მე არაერთხელ მითქვამს, არ ვარ ქალაქის განვითარების და მშენებლობის წინააღმდეგი, თუმცა არა მწვანე ტერიტორიაზე, არა იმ ადგილებზე, რომლის არსებობა უკვე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ათწლეულების განმავლობაში მიმდინარე ქაოტურმა მშენებლობებმა რა გამოიწვია, ყველანი ვხედავთ. დედაქალაქში დრამატულად შემცირდა მწვანე სივრცეები, რის გამოც ადამიანებს კიდევ უფრო გვიძნელდება თავის დაცვა მავნე გამონაბოლქვის ზემოქმედებისგან. ამ ყველაფრის ფონზე, ჩვენ ვერ მივცემთ საკუთარ თავს უფლებას, რომ მივიღოთ კვლავ არასწორი გადაწყვეტილებები და ამაში ერთიანნი უნდა ვიყოთ ყველანი – მუნიციპალიტეტიც, მოსახლეობაც და მესაკუთრეებიც. სწორედ იმიტომ, რომ საზოგადოება წინააღმდეგია კუს ტბის ფერდობზე ახალი მშენებლობების, ჩვენ შევაჩერეთ მშენებლობა და არ დავუშვებთ, რომ ამ არეალს მოაკლდეს მწვანე სივრცე", – აღნიშნა კახა კალაძემ. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად