კაკულია ბიზნესმენებს:თანხა, რომელსაც მთავრობა დახარჯავს გაშვებული ადამიანების მხარდაჭერისათვის, დააკლდება თქვენივე ბიზნესების განვითარების პერსპექტივას

ამის შესახებ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულიამ „დღის კურიერის“ ეთერში, მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის საუბრისას განაცხადა.

„ამ შემთხვევაში, ყველაზე ცუდიდან უნდა დავიწყოთ, იმიტომ, რომ როდესაც უკეთესი მდგომარეობა იქნება, დამატება ყოველთვის შესაძლებელია, მაგრამ წინასწარ რომ დაიგეგმები და მერე რესურსი აღარ გექნება, ცხადია, ვერ განახორციელებ გეგმას. აქედან გამოვდივართ ჩვენც, ხელისუფლების გადაწყვეტილებების ლოგიკაც ეს არის. პირველ რიგში ინფრასტრუქტურა, ლოჯისტიკა, საერთშორისო ვაჭრობა უნდა იქნას მხარდაჭერილი, ამის მნიშვნელობას ყველა ხედავს ახლა. მხარდაჭერა სჭირდება ლიკვიდობის პრობლემას, ანუ მხარდაჭერა, ბიზნესისადმი განსაკუთრებით ტურიზმის სექტორში, ეს არის სასტუმროები და მასთან დაკავშირებული ბიზნესები. ასევე, ყველა იმ ბიზნესისათვის, ვინც დღგ-ს გადამხდელია“.

რომან კაკულია აცხადებს, რომ მეტი აქცენტის გაკეთება იმ ადამიანებზე, ვინც დარჩება უმუშავარი, იყო სწორი გადაწყვეტილება.

„აქვე, ერთი რამ მინდა ვუთხრა ბიზნესმენებს: ყველა ის თანხა, რომელსაც მთავრობა დახარჯავს თქვენ მიერ გაშვებული ადამიანების მხარდაჭერისათვის, დააკლდება თქვენივე ბიზნესების მომავალი განვითარების პერსპექტივას. იმიტომ, რომ მთავრობას დიდი არჩევანი არ აქვს. თვითუზრუნველყოფისათვის რაც სჭირდება ქვეყანას პროდუქტები, ამაზე გაკეთდება წარმოების აქცენტები და „აწარმოე საქართველოში“ და საკრედიტო-საგარანტიო ფონდი, რომლის ამოქმედებაზეც წლებია ჩვენ ვსაუბრობდით და ამის დახვეწის პროცესშიც ვიყავით. ცხადია, ახლა ყველაზე კარგი ინსტრუმენტი იქნება სათანადო საგარეო მხარდაჭერის პირობებში, მიზნობრივი დახმარების გაწევა შევძლოთ ამ საწარმოებისათვის. ეს არის პროცესი, რომელიც მიდის. მეორეს მხრივ, დაკონკრეტება კიდევ, თუ ვის და რა სახის დახმარება სჭირდება, ამოქმედებულია კომუნალური გადასახადების შეღავათები, ეს პროცესიც პარალელურად წავა და, რა თქმა უნდა, აქ მთავარი ლოგიკა სამართლებრივი პრინციპის დაცვა იქნება“ -განაცხადა დეპუტატმა „დღის კურიერში“ ჩართვისას.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად