კაკულია: “აბრეშუმის გზის ფორუმის” მსგავსი ფორმატების რეალური შედეგი რეგიონის კეთილდღეობა შეიძლება გახდეს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის თავმჯდომარემ, რომან კაკულიამ პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა თბილისი აბრეშუმის გზის ფორუმის მნიშვნელობაზე საქართველოსთვის მისი ეკონომიკური განვითარებისთვის.

„ჩვენთვის, როგორც ახალგაზრდა დამოუკიდებელი სახელმწიფოსთვის, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ჩვენს პოზიციონერობას საერთაშორისო ორგანიზაციებში, თუ ზოგადად მსოფლიოს წინაშე. ამ კუთხით მინდა შევხედოთ აბრეშუმის გზის ფორუმს. ძალიან ბევრი ითქვა თუ ჩვენთვის რა მნიშვნელობა ჰქონდა ამას, ამ იდეებს, ამ გაგრძელებას აბრეშუმის გზის მონაწილეობის, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აქ ჩვენ ძალიან მკაფიოდ ვხედავთ ყველა პარტნიორი ქვეყნის, საერთაშორისო ორგანიზაციის, ბიზნესის წარმომადგენლების ინტერესებს, სწორედ ამ ფორმატის შემდგომ განვითარებაში.

ყველაზე მნიშვნელოვანი სიტყვა აქ არის, რომ ეს გახდეს ტრადიცია და ჩენ გავხდეთ ასოცირებული ამ დიკუსიის ფორმატის მასპინძელი ქვეყანა“.

რომან კაკულიამ ასევე ხაზგასმით თქვა, გამოწვევებით სავსე ეპოქაში რამდენად მნიშვნელოვანია ასეთი ფორმატების არსებობა, -„ბოლო 20 წელია, განსაკუთრებით ამ საუკუნეში, მსოფლიო გლობალისტური ეკონომიკის პირობებში ძალიან მკაფიოდ ხედავს გამოწვას, როდესაც არსებული საერთაშორისო ინსტიტუციები, რომლებიც ეგრეთ წოდებული ნაციონალური მთავრობების პირობებში ჩამოყალიბდა, გლობალისტური ეკონომიკის გამოწვევებს ბოლომდე ვერ პასუხობს და ასეთ შემთხვევაში ასეთი ფორმატები უკვე სულ სხვა დატვირთვას იძენს, სადაც მყისიერი რეაგირების შესაძლებლობები არსებობს. ამდენად ასეთი ფორმატების მნიშვნელობა არის აბსოლუტურად სხვა, მზარდი და არანაკლები მნიშვნელობის ვიდრე საერთაშორისო ინსტიტუციები“.

მისი განცხადებით, დღევანდელი ეკონომიკის გამოწვევაა ინკლუზიურობა, რომლის შესახებაც ფორუმზეც ხშირად საუბრობდნენ, ასევე ფორუმზე გაკეთდა აქცენტი ინფორმაციულ კორიდორზე და ტექნოლოგიებზე. ამასთან დაკავშირებით მან გაიხსენა სტატისტიკა, რომ ბოლო 30-40 წლის მანძილზე დედამიწის მოსახლეობა 3- 4 მილიარდიდან 6 მილიარდამდე და მეტადაც გაიზარდა. ერთი თაობის მასშტაბში დედამიწის მოსახლეობის გაორმაგების პირობებში, ის ინსტიტუციები, რომლებიც ცდილობენ გლობალურ ეკონომიკას თავიანთი სერვისი შესთავაზონ, ვეღარ პასუხობენ ამ გამოწვევებს, ამიტომ ასეთი ტიპის ფორმატების მნიშვნელობა სამომავლოდ სრულიად სხვა არის, -„მინდა ამას ყურადღება მივაქციოთ და ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ ეს ფორმატი იყოს ტრადიციული, ყველა ის გამოწვევა, რომელიც ამ ფორმატში დაფიქსირდა, ერთი მხრივ იმასაც აჩვენებს, რომ ჩვენი ორიენტირები სწორია ინფრასტრუქტურაზე, განათლებაზე, მაღალ ტექნოლოგიებზე, ინოვაციებზე, სტარტაპებზე, ყველაფერი გაჟღერდა აქ და გარკვეული გზამკვლევიც კი არის ის ჩვენი მთავრობის ორიენტაციისთვის.

ხოლო რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, აქ ცალსახად არის წარმოდგენილი არა მხოლოდ ჩვენი, არამედ ყველა მონაწილე ქვეყნის ძალიან მკაფიო ინტერესები.

იქ ერთ-ერთმა ძალიან მნიშვნელოვანმა მონაწილემ გააჟღერა კიდევაც, რომ ამ რეგიონის, ამ პროექტში მონაწილე ქვეყნების კეთილდღეობა შეიძლება გახდეს ძალიან რეალური შედეგი ამ ფორმატში ურთიერთთანამშრომლობისა. სწორედ ამისთვის მინდოდა გამესვა ხაზი“, განაცხადა რომან კაკულიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად