კახიძე იუსტიციის საბჭოს: ტოვებთ შთაბეჭდილებას, რომ თქვენი საქმიანობა კონკრეტულ პირებზეა მორგებული

„ევროპული საქართველოს“ წევრის ოთარ კახიძის განცხადებით, იუსტიციის უმაღლესი საბჭო მოსამართლეთა უვადო დანიშვნის საკითხს განიხილავს, რაც, დეპუტატის შეფასებით, გარკვეულ კითხვის ნიშნებს აჩენს.

"საზოგადოების ყურადღება მიიპყრო ერთ-ერთი კანდიდატის, ლევან მურუსიძის უვადოდ გამწესების ინიციატივამ. მოგეხსენებათ, იუსტიციის საბჭოს რამდენიმე წევრს, რომელიც პარლამენტის მიერ არის არჩეული 2013 წლის 14 ივნისს, გასდის ვადა და რჩება შთაბეჭდილება , ხელოვნურად მოასწრონ არსებული შემადგენლობის ფარგლებში ბატონი მურუსიძის თანამდებობაზე დანიშვნა, ამიტომ დაჩქარებულად ტარდება ეს პროცესი“, – აღნიშნა ოთარ კახიძემ. 

მისი თქმით, „ევროპულ საქართველოს“ აქვს კონკრეტული საკანონმდებლო ინიციატივა, რომელსაც შემდეგ ბიუროზე დაარეგისტრირებს.

დეპუტატის განმარტებით, კანონპროექტის თანახმად, როდესაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრთა 1/5-ს ვადა გასდის, ბოლო 3 თვის განმავლობაში უვადოდ დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილება აღარ მიიღონ.

„ჩვენს ინიციატივას წარმოვადგენთ იმისათვის, რათა გამოირიცხოს კითხვის ნიშნები, რომ ეს უვადო დანიშვნა გამოიყენება შერჩევით, სხვადასხვა მიზნებისთვის.

მინდა იუსტიციის საბჭოსაც მოვუწოდო, ნუ დატოვებთ შთაბეჭდილებას, რომ კონკრეტულ პირებზეა მორგებული მათი საქმიანობა, ვინაიდან ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იუსტიციის საბჭოს და ზოგადად სასამართლო ხელისუფლებას ჰქონდეს მაღალი ნდობა საზოგადოების მხრიდან“, – განაცხადა ოთარ კახიძემ ბიუროს სხდომაზე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...