კახიძე: ძალადობის მქადაგებლები ჩვეულებრივი ადამიანების პირისპირ გადაცემებში მხარეებად არ უნდა ისხდნენ

“ჩემი აზრით, სიძულვილის და ძალადობის მქადაგებლები ჩვეულებრივი ადამიანების პირისპირ სატელევიზიო გადაცემებში მხარეებად არ უნდა ისხდნენ”, – ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი ოთარ კახიძე სოციალურ ქსელში ბიზნესმენ ლევან ვასაძის შესახებ წერს:

“არსებობს ხალხი, რომლებიც თვლიან, რომ განსხვავებული ადამიანები უნდა შეავიწროვო.

ზოგი კანის ფერის გამო ახარისხებს და შავკანიანები ეჯავრება, ზოგი ეროვნების გამო ემტერება სხვას – მაგალითად, ისრაელელებს და ზოგიც სექსუალური ორიენტაციის მიხედვით გამოარჩევს მისთვის საძულველ ადამიანებს.

ასეთი მოფაშისტო ხალხი ყველა ნორმალურ ქვეყანაში არის წესიერი საზოგადოებისგან გამიჯნული და მათთან ჩვეულებრივ დისკუსიაში არ შედიან.

მაგალითად ლევან ვასაძისნაირ ნაძირალას არ ეკამათებიან, რამდენად სწორია ქამრებით და კომბლებით განსხვავებული ადამიანების დევნა. მსგავს სუბიექტებს აპატიმრებენ, მუქარისა და ძალადობისთვის.

ჩემი აზრით, ძალადობისა და სიძულვილის მქადაგებლები ჩვეულებრივი ადამიანების პირისპირ არ უნდა ისხდნენ სატელევიზიო გადაცემებში მხარეებად.

შეიძლება თავიდან რომელიმე ნაძირალას გაესაუბროს ჟურნალისტი ჩართვის ფორმატში და შემდეგ უკვე სტუდიაში მსხდომმა კანონმორჩილმა, ნორმალურმა ხალხმა განიხილოს საკითხი და აუდიტორიას აუხსნას საქმის არსი.

მაგალითად, კუკლუქსკლანის ლიდერებთან ან სკინჰედებთან დისკუსია დასავლურ მეინსტრიმ ტელევიზიებში არ წარმოებს. რასიზმის, როგორც პრობლემბის განხილვა – კი ბატონო”, – წერს ოთარ კახიძე Facebook-ში.
ცნობისთვის, ბიზნესმენი ლევან ვასაძე ამბობს რომ ხელისუფლება ვერ უზრუნველყოფს ქვეყანაში წესრიგს, ამიტომ ის რაზმების შექმნა იწყებს. ასევე აანონსებს კომბლების რევოლუციას და ქამრებით ხელების შეკვრას. აღნიშნულ განცხადებებთან დაკავშირებით კი, შსს-მ გამოძიება დაიწყო.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...