კახიძე “ბასიანის” საქმეზე: მოვუწოდებთ გენერალურ პროკურატურას, გადახედოს აღნიშნული დანაშაულის კვალიფიკაციას

კლუბ “ბასიანზე” მომხდარ სროლასთან დაკავშირებით, “ევროპული საქართველო” პროკურატურას საქმის გადაკვალიფიცირებისკენ მოუწოდებს.

მის შესახებ “ევროპული საქართველოს” წევრმა ოთარ კახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა და განმარტა, რომ რადგან ბრალდებულმა 3 პირს ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება განზრახ მიაყენა, მუხლი უნდა შეიცვალოს.

ოთარ კახიძის შეფასებით, როდესაც მძიმე დანაშაულის მიმართ გენერალური პროკურატურის დამოკიდებულება არის შემწყნარებლური, ეს მსგავსი დანაშაულებების ჩადენის რისკს კიდევ უფრო ზრდის.

“მოვუწოდებთ გენერალურ პროკურატურას, გადახედოს აღნიშნული დანაშაულის კვალიფიკაციას, ვინაიდან ყოველი ასეთი ქმედება, როდესაც გენერალური პროკურატურის დამოკიდებულება მძიმე დანაშაულის მიმართ არის შემწყნარებლური, კიდევ უფრო ზრდის მსგავსი დანაშაულების ჩადენის რისკს და კიდევ უფრო დაუცველად ამყოფებს ჩვენს საზოგადოებას,” – განაცხადა ოთარ კახიძემ.

შეგახსნებთ: “ბასიანის” საქმეზე დაკავებული ბიძინა ჩაჩხიანის მიმართ ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ჩადენილი დანაშაული 16-დან 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებდა, თუმცა პროკურატურის მიერ გამოძიების პროცესში საქმის კვალიფიკაციის შეცვლის შემდეგ, შესაძლო სასჯელის ვადა შემცირდა. დაკავებულ ბიძინა ჩაჩხიანს სასამართლომ წინასწარი 2 თვიანი პატიმრობა შეუფარდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად