კახიძე: არანაირი მისია, შეფუთვა და ადვილად გადასამოწმებელი ტყუილების ლაპარაკი არ უშველის ევროპარლამენტარების წინაშე

“ევროპული საქართველოს” წევრი და საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წარმომადგენელი ევროსაბჭოში, ოთარ კახიძე მიიჩნევს, რომ “ქართული ოცნების” დეპუტატებს, გიგი უგულავას საქმეზე ევროპარლამენტარების დარწმუნება გაუჭირდებათ.  

როგორც ოთარ კახიძემ, სტრასბურგში ჟურნალისტებს განუცხადა, ფაქტების დამდგენი მისიის თაობაზე არგუმენტი მას შემდეგ გაჩნდა, რაც ვერაფერი მოუხერხეს იმ აშკარა პოლიტიკურ სარჩულს, რაც ამ საქმეს აქვს.

“არანაირი მისია, შეფუთვა და ადვილად გადასამოწმებელი ტყუილების ლაპარაკი არ უშველის ევროპარლამენტარების წინაშე . ნეიტრალური დამკვირვებლებიც ჰყავს მრავლად ევროპარლამენტს და რაღაც ჯგუფს ვერ მოატყუებს თბილისადან ჩამოსული ბრტყელ-ბრტელი გზავნილებით, როგორ კარგად არის ყველაფერი და ბატონ ბიძინას როგორ უჭერს ხალხი მხარს, იმიტომ, რომ თავისუფლების მოედანზე ათასობით ადამიანი მივიდა და ამიტომ ბატონი ბიძინა არის ყველაზე კარგი მმართველი,” – აცხადებს პარლამენტის ფრაქცია “ევროპული საქართველოს” თავმჯდომარე ოთარ კახიძე.

შეგახსენებთ: საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 10 თებერვალს, თბილისის ყოფილ მერს, „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერ გიგი უგულავას თბილისის განვითარების ფონდის საქმეზე სამი წლითა და ორი თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

მას შემდეგ, რაც აღნიშნულ საქმეზე კითხვები გაჩნდა, გუშინ „ქართულმა ოცნებამ“ ევროპარლამენტს შესთავაზა, უგულავას საქმის შესასწავლად საქართველოში მისია გამოგზავნოს.

„ნაციონალური მოძრაობის“  წევრმა სალომე სამადაშვილმა კი განაცხადა, რომ ევროპარლამენტის ფარგლებში გიგი უგულავას საქმის შემსწავლელი მისიის ფორმატი ინსტიტუციურად არ არსებობს.

„ევროპელი სოციალისტების პარტიამ“ გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ მხარს უჭერს ინიციატივას, გიგი უგულავას საქმის შემდგომი გამოძიების მიზნით, საქართველოში გაიგზავნოს ევროპარლამენტის მთავარი პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენელ პარლამენტართაგან შემდგარი ფაქტების შემსწავლელი მისია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად