კახიაშვილი: ვწუხვარ, რომ ქართველმა გულშემატკივარმა პირდაპირ ეთერში ვერ ისიამოვნა ლაშას რეკორდით

სპლიტში (ხორვატია) დასრულდა ევროპის ჩემპიონატი ძალოსნობაში, რომელშიც მონაწილეობდა საქართველოს ნაკრებიც. ტურნირის ტრიუმფატორი გახდა ლაშა ტალახაძე.

+105 კილოგრამში ლაშამ აბსოლუტურში 467 (217+250) კილოგრამი დააფიქსირა და ატაცში მსოფლიოს ახალი რეკორდი დაამყარა. ტალახაძემ საქართველოს ნაკრებს 3 ოქროს მედალი მოუტანა. ბრინჯაოს მედალი ატაცში ირაკლი თურმანიძემ (201) აიღო.

"ვწუხვარ, რომ სპორტის ქართველმა გულშემატკივარმა დროულად და პირდაპირ ეთერში ვერ ისიამოვნა ლაშას, ირაკლის რეკორდებით და მთლიანად, ფედერაციის წარმატებით. ვუხმობ ყველა შესაბამის უწყებას გააშუქოს ყველა საერთაშორისო ტურნირი ქართველი სპორტსმენების მონაწილეობით, რომ ქართველმა გულშემატკივარმა ნახოს პირდაპირ ეთერში ის სიხარული და ემოცია, რომელიც დღეს ლაშამ მოგვიტანა. ეს აუცილებელია.

ლაშას ვუსურვებ ახალ წინსვლას, ახალ გამარჯვებებს, წინ ახალი ოლიმპიური ციკლია, კიდევ ერთხელ ასახელოს საქართველო ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე. ირაკლის ვუსურვებ გამოჯანმრთელებას და უკვე წელს, მსოფლიო ჩემპიონატზე დაიცვას ჩვენი ერის, ჩვენი ძალოსნობის ღირსება.

ძალიან გთხოვთ, გაუფრთხილდით ამ ხალხს, რადგან საქართველოს ძალოსნობის ფედერაცია ითვლება ყველაზე პერსპექტიულ ფედერაციად მსოფლიოში. ეს აღიარებულია აქ, სადაც ვიმყოფები, ბანგკოკში, სადაც ჩატარდა კონგრესი და კონკრეტულად ჩვენ ფედერაციაზე ითქვა უამრავი თბილი სიტყვა. სულ მალე, აქვე, გვექნება პრეზიდენტის არჩევნები და მე ვიყრი კენჭს აღმასკომში. ყოველდღიურად ვგრძნობ იმ სითბოს, იმ აღიარებას, რაც ჩვენ ფედერაციას ამ ბოლო წლებში ერგო", – ამის შესახებ, საქართველოს ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტი, კახი კახიაშვილი აცხადებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...