კახიანი: თუ სასამართლომ დეპუტატზე გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა, მას უფლებამოსილება უწყდება

” თუ სასამართლომ პარლამენტის წევრის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა, ასეთ შემთხვევაში პარლამენტი ვალდებულია, მას უფლებამოსილება შეუწყვიტოს”, – აღნიშნული განმარტება პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი კახიანმა ჟურნალისტებთან საუბარში დეპუტატ ნიკა მელიასთან დაკავშირებით გააკეთა.

მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტის წევრის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დადგა, ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოს კონსტიტუციით არის გათვალისწინებული უფლებამოსილების შეწყვეტის ერთ-ერთ საფუძვლად პარლამენტის წევრის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დადგომა.

“თუ სასამართლომ გამოიტანა პარლამენტის წევრის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი, ასეთ შემთხვევაში უკვე პარლამენტი ვალდებულია, რომ შეუწყვიტოს მას უფლებამოსილება. ამ საკითხს საპროცედურო საკითხთა კომიტეტი შეისწავლის და შესაბამისი დასკვნით მიმართავს პლენარულ სხდომას. საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს პარლამენტი პლენარულ სხდომაზე. მხოლოდ პარლამენტს შეუძლია, შეუწყვიტოს უფლებამოსილება პარლამენტის წევრს. დადგენილებით ხდება უფლებამოსილების შეწყვეტა და დადგენილების მიღებას კი სჭირდება დამსწრეთა უმრავლესობა, თუმცა ეს არ უნდა იყოს სრული შემადგენლობის ერთ მესამედზე ნაკლები“,- განაცხადა გიორგი კახიანმა.

საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად, პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის ან ვადამდე შეწყვეტის საკითხს თავად პარლამენტი წყვეტს.

კონსტიტუციით განსაზღვრულია პარლამენტის წევრისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის მიზეზები.

შეგახსენებთ: „ქართუ ბანკის“ გაკოტრების საქმეზე დეპუტატ ნიკა მელიას 25 000 ლარიანი ჯარიმა და 2 წლითა და 3 თვით თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევა განესაზღვრა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად