კახეთში პირველი “ციფრული მუზეუმის” პროექტი გურჯაანში ხორციელდება

გურჯაანში ახალი პროექტი „ციფრული მუზეუმი“ დაიწყო, რომელსაც ა(ა)იპ საბიბლიოთეკო და სამუზეუმო გაერთიანება ახორციელებს. პროექტი გურჯაანის მუნიციპალიტეტის ხუთი მუზეუმის ექსპონატების გაციფრულებას გულისხმობს. გარდა ამისა, პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს ბიბლიოთეკების შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია.

საკითხის დეტალებზე სასაუბროდ გაერთიანების დირექტორს სალომე ბოგვერაძეს მივმართეთ.
– ქალბატონო სალომე, საიდან გაჩნდა გურჯაანის მუზეუმების ექსპონატების გაციფრულების იდეა?
– მუზეუმისთვის ვიზიტორი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, 21-ე საუკუნეში კი დამთვალიერებლის მოზიდვის გამარტივებული და მოსახერხებელი ფორმა გახლავთ მსოფლიოში კარგად ცნობილი – ექსპონატების გაციფრულება. სამწუხაროდ, ამ ეტაპზე, ახალგაზრდების ინტერესი მუზეუმების მიმართ არც ისე დიდია. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, მათზე მორგებული ფორმის – გაციფრულებული ვერსიის შეთავაზება, რომლის იდეაც ჩვენს ღვაწლმოსილ თანამშრომელს, ივანე ბერიტაშვილის სახელობის მუზეუმის დირექტორს დესი ფურცელაძეს გაუჩნდა. ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მეტი ადამიანი ჩაერთოს და დაინტერესდეს ამ ინოვაციური პროექტით, რომლის სლოგანიც სწორედ ამას ეხმაურება: „ თუ შენ არ მოდიხარ მუზეუმში, მუზეუმი მოვა შენთან“. აქვე გეტყვით რომ პროექტი ორ ენაზე ხორციელდება. ინგლისურენოვანი ვერსიის ავტორი მშვიდობის კორპუსის მოხალისე ჯეტერა ევანსი გახლავთ, რომელიც ჩვენს გაერთიანებაში ორი წლის განმავლობაში იქნება.
– რა ეტაპებს მოიცავს პროექტი „ ციფრული მუზეუმი“?
– „ციფრული მუზეუმი“ ორი მიმართულებით ხორციელდება, რაც პირველ ეტაპზე მუზეუმების გაციფრულებას და ბიბლიოთეკების შესახებ მეტი ინფორმაციის გავრცელებას მოიცავს. მეორე ეტაპი გაციფრულებული მასალის ახალგაზრდებისთვის გაცნობას გულისხმობს.
– უფრო კონკრეტულად რა ღონისძიებები განხორციელდა ციფრული მუზეუმის პროექტის ფარგლებში?
– როგორც უკვე აღვნიშნე, პროექტი ორი ეტაპისგან შედგება. გურჯაანის მუნიციპალიტეტში ხუთი მუზეუმი ფუნქციონირებს, სადაც ჯამში 1500-ზე მეტი ექსპონატია განთავსებული. დასაწყისისთვის, 55 ექსპონატი გვაქვს გაციფრულებული. უკვე გვქონდა პირველი გამოფენაც, რომელიც გურჯაანის ღვინის ფესტივალზე გაიმართა. რაც შეეხება პროექტის მეორე ეტაპს, მუზეუმების და ექსპონატების მოსწავლეებისთვის გაცნობას, ამას გურჯაანის საგანმანათლებლო რესურს ცენტრის და მისი ხელმძღვანელის დალი მინდიაშვილის აქტიური ჩართულობით ვახორციელებთ, რისთვის მას დიდ მადლობას ვუხდი. პროექტის მენეჯერებმა ეკა ბეროშვილმა და ხათუნა ბუზალაძემ რამდენიმე საჯარო სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრები უკვე გამართეს. სასწავლო პროცესის დაწყებასთან ერთად განახლდება შეხვედრების ციკლი, რომელიც გაზაფხულზე დასრულდება.
– თქვენი აზრით, რა როლი აქვს მუზეუმს თანამედროვე ადამიანის ცხოვრებაში, რომელსაც მისთვის საჭირო ინფორმაციის მიღება უამრავი გზით შეუძლია?
– თუ გადავხედავთ მსოფლიოს დიდი მუზეუმების მაგალითს და მათი ვიზიტორების მუდმივად მზარდ რაოდენობას, დავრწმუნდებით, რომ ისტორიას, რომელიც მუზეუმში ინახება, დრო და ტექნოლოგიები ვერაფერს აკლებს. პირიქით, „ციფრული მუზეუმი“ ჩვენი ისტორიისა და თანამედროვე ტენდენციების ერთობლიობაა, რომელიც ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვის იოლად ხელმისაწვდომი და საინტერესო ფორმაა. ამიტომ, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ რომ უახლოეს პერიოდში ჩვენი ხუთივე მუზეუმის 1500-ზე მეტი ექსპონატი სრულად გადავიდეს ციფრულ ფორმატზე.
– სამომავლო გეგმებზე რას გვეტყვით?
– დავიწყებ იმით, რომ ვაპირებთ „ციფრული მუზეუმის“ გამოფენები გავმართოთ მარნებში. ამ საკითხზე უკვე ვმუშაობთ. რაც შეეხება საბიბლიოთეკო და სამუზეუმო გაერთიანებას, მოხალისე გეგმავს ოთხი საგრანტო პროექტის განხორციელებას, საიდანაც ლიტერატურული კაფის და ინგლისურენოვანი კუთხის პროექტებზე მუშაობა უკვე დაწყებულია. ახლა მიმდინარეობს კრეატიული წერის კონკურსი ინგლისურ ენაზე, რომელიც უახლოეს მომავალში დასრულდება. ჩვენთან ფუნქციონირებს ინგლისური ენის კლუბიც, რომელსაც ჯეტერა ევანსი უძღვება და მსურველთათვის სრულიად უფასოა. აქვე გეტყვით, რომ ვიწყებთ „აირექსის“ საგრანტო პროექტს, რომელიც ტრენერთა სამდღიან ტრენინგებს მოიცავს 18-დან 35 წლამდე ადამიანებისთვის, მედია წიგნიერებაში. ასე რომ, გურჯაანელებს ბევრი სიახლე ელოდებათ.
-დიდი მადლობა, წარმატებებს გისურვებთ!
მადლობა თქვენ.
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად