კახეთში მთავარი მოვლენა – გურჯაანის ღვინის ფესტივალი 12 ოქტომბერს გაიმართება

გურჯაანის ღვინის ფესტივალი, რომელიც წელს მესამედ, 12 ოქტომბერს გაიმართება, 200-ზე მეტი მონაწილე ეყოლება.მეღვინეობის მუნიციპალიტეტმა ფესტივალისთვის მზადება უკვე აქტიურად დაიწყო, რომელიც სტუმრებს განსხვავებული, სხვადასხვა აქტივობებით დატვირთული, მრავალფეროვანი და თავშესაქცევი გარემოთი უმასპინძლებს ახტალის პარკში.

„გურჯაანის ღვინის ფესტივალის საორგანიზაციო ჯგუფი ფაქტიურად უკვე ერთი თვეა, რაც მუშაობს იმისთვის, რომ სტუმრებისთვის ეს დღე განსაკუთრებული და დასამახსოვრებელი გავხადოთ. წლევანდელ ღვინის ფესტივალზე, რომელიც კიდევ უფრო მასშტაბური, განსხვავებული და სიახლეებით სავსე იქნება, ველოდებით სტუმრებს მთელი საქართველოდან და მეგობარი ქვეყნებიდან. განსაკუთრებით ვეპატიჟებით მათ, ვისთვისაც არასოდეს გვიმასპინძლია ფესტივალის ფარგლებში. ასე, რომ მოინიშნეთ 12 ოქტომბერი და ესტუმრეთ მეღვინეობის ქალაქს“, – აღნიშნა ფესტივალის ორგანიზატორმა ეკა ცისკარაშვილმა.

ფესტივალზე, ტრადიციულად წარმოდგენილი იქნება ღვინის კომპანიებისა და საოჯახო მარნების მიერ დამზადებული სხვადასხვა სახეობის ღვინო მთელი საქართველოდან, ხელნაკეთი, შემოქმედებითი, თემატური ნამუშევრები და ეთნოგრაფიული ექსპოზიციები. სტუმრებს საშუალება ექნებათ მონაწილეობა მიიღონ ჩურჩხელის ამოვლებასა და ყურძნის დაწურვაში, სხვადასხვა აქტივობებში, შეჯიბრებებსა და გასართობ თამაშებში. ფესტივალის ფარგლებში, წარმოდგენილი იქნება სპეციალურად შექმნილი საშემოდგომო, ისტორიული და კულინარიული პავილიონები, ხოლო საღამოს გაიმართება გალა კონცერტი თბილისის ბიგ ბენდის შესრულებით.

“წელს, განსაკუთრებულად ვემზადებით ღვინის ფესტივალისთვის, რომლის მთავარი მიზანიც ღვინის ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა, ღვინის კულტურისა და ქართული ტრადიციების გაცნობაა, როგორც უცხოელი, ასევე ქართული საზოგადოებისთვის. ჩვენთვის, როგორც მეღვინეობა-მევენახეობის მუნიციპალიტეტისთვის მნიშვნელოვანია ამ მიმართულებით გადადგმული თითოეული ნაბიჯი, რომელიც ხელს შეუწყობს გურჯაანის ცნობადობის გაზრდას და აქცევს მას, ტურისტებისთვის მიზიდულობის ცენტრად“, – აღნიშნა პარლამენტის წევრმა დავით სონღულაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ გურჯაანის ღვინის ფესტივალი, გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატის დავით სონღულაშვილის ინიცირებით, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებითა და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მუდმივი მხარდაჭერით იმართება.

მითითებულ ბმულზე, შეგიძლიათ იხილოთ, გურჯაანის ღვინის ფესტივალი 2018-ის მოკლე ვიდეო რგოლი: https://bit.ly/2Vl31Qf

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად