კახეთის რეგიონში მოსახლეობის უწყვეტი წყალმომარაგებისთვის რამდენიმე პროექტი დასკვნით ეტაპზეა

კახეთის რეგიონში მოსახლეობის უწყვეტი წყალმომარაგებისთვის რამდენიმე პროექტი ხორციელდება. რეგიონში უკვე შესრულებულ და მიმდინარე პროექტებს წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი გიგა მანდარია, შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.

„ამჟამად, კახეთში რამდენიმე პროექტს ვასრულებთ, რომელიც ითვალისწინებს კახეთის მოსახლეობისთვის წყალმომარაგებისა და წყალარინების პირობების გაუმჯობესებას. მათ შორის დასრულების ფაზაშია ქალაქ წნორისა და საგარეჯოს სისტემების მშენებლობა. ამ დროისთვის, მიმდინარეობს ქსელის ტესტირება, რის შემდეგაც ობიექტი ექსპლუატაციაში შევა და მოსახლეობას წყალს 24 საათიან რეჟიმში მივაწვდით. აქტიური სამუშაოები გვაქვს თელავშიც, სადაც წყალმომარაგების გრაფიკის გაუმჯობესების მიზნით, აბონენტების გამრიცხველიანება და ქსელის რეაბილიტაცია ხორციელდება. ასევე, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციის მხარდაჭერით თელავის უწყვეტი წყალმომარაგებისთვის მეორე ეტაპის სამუშაოებს დავიწყებთ. პროექტების განხორციელების შედეგად, აღნიშნულ ქალაქებში უწყლობის პრობლემა საბოლოოდ მოგვარდება“,- განაცხადა წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა.

გიგა მანდარია გურჯაანში საკანალიზაციო სისტემებთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარების მიზნით ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს შეხვდა და კომპანიის შესაბამის სამსახურებთან ერთად, არსებული ვითარების შესასწავლად ადგილზე იმყოფებოდა. კომპანიის ხელმძღვანელის დავალებით, ტექნიკური სამსახური მოამზადებს პრობლემის მოგვარებისთვის შესაბამის ტექნიკურ დავალებას და დასკვნას.

აღნიშნული პროექტების გარდა, ამ დროისთვის, წყალმომარაგების კომპანია ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მდებარე სოფლების ჭიაურის, ჰერეთისკარისა და თამარიანის წყალმომარაგებისთვის ჭაბურღილის მოწყობას, სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველი ანაგის წყალმომარაგების სისტემის პროექტირება-მშენებლობას და ქალაქ ახმეტის წყალმომარაგების საქლორატოროს ტექნოლოგიის მოწყობას ახორციელებს. ქალაქ საგარეჯოს სტაბილური და ხარისხიანი წყალმომარაგებისთვის კი, ტენდერში გამარჯვებული კომპანია სამუშაოებს უახლოეს პერიოდში დაიწყებს. ასევე, ტენდერი გამოცხადებულია სიღნაღის მუნიციპალიტეტის 8 სოფლის უწყვეტი წყალმომარაგების უზრუნველსაყოფად, ახალი სისტემების პროექტირება- მშენებლობაზე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად