კახაბერ საბანაძე: საქართველოში დანაშაულის რიცხვი შემცირდა, მათ შორის, ოჯახური ძალადობის

შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ – კახაბერ საბანაძემ ტელეკომპანია “რუსთავი-2”-ზე, “ღამის კურიერის” ეთერში საგანგებო მდგომარეობის დროს ქვეყანაში არსებული ვითარების და სამინისტროს მიერ დანაშაულის შემცირების მიზნით განხორცილებული ღონისძიებების შესახებ ისაუბრა.

“პირველ რიგში, მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო პოლიციელებს, რომლებიც 24-საათიან რეჟიმში იცავენ როგორც იმ დადგენილების პრინციპებს, რომლებიც წეღან აღვნიშნე, ასევე, საზოგადოებრივ მართლწესრიგს და ზრუნავენ საზოგადოებრივ უსაფრთხოებაზე.

ამ მიმართულებით, ჩვენ, წინა პერიოდთან მიმართებაში კლება გვაქვს გარკვეული კატეგორიის დანაშაულებში, როგორიც არის , ქონების, საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებს ვგულისხმობ, ამ შემთხვევაში, ეს არის – ძარცვა , ქურდობა , ყაჩაღობა და ასევე, ოჯახური დანაშაულები. ეს რა თქმა უნდა, არის იმ ბიჭების და იმ პოლიციელების დამსახურება, რომლებიც 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ ქუჩაში, იმისთვის, რომ დაცული იყოს მოქალაქეების ინტერესები”, – განაცხადა კახაბერ საბანაძემ.

ჟურნალისტის კითხვაზე, ხომ არ მოიმატა კარანტინის პირობებში ოჯახურმა დანაშაულმა, მინისტრის მოადგილემ უპასუხა, რომ პირიქით, კლებაა ამ მიმართულებით.

” მე მოგახსენებთ, რომ ამ პერიოდისთვის, ჩვენი დაკვირვებით, პირიქით, კლება გვაქვს ამ მიმართულებით. ეს, რა თქმა უნდა, დამსახურებაა ჩვენი საზოგადოების თვითშეგნების ზრდის და ამავე დროს , პოლიციელების აქტიურობის. ჩვენ მზად ვართ, პროაქტიულ რეჟიმში ვიმუშაოთ ამ მიმართულებით. ჩვენთვის პრიორიტეტია ეს მიმართულება და ოჯახში ძალადობა ყოველთვის აღკვეთილი იქნება საწყის ეტაპზე. ამიტომ, ჩვენ მოვუწოდებთ, ყველა იმ პირობით მსხვერპლს, ყველა იმ ადამიანს, რომელსაც შესაძლოა, ჰქონდეს ამ მიმართულებით გარკვეული, ასე ვთქვათ, პრეტენზიები ან გართულებები და პოლიცია იქნება ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზე, გვექნება შესაბამისი შედეგი. – აღნიშნა შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, კახაბერ საბანაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად