კახა ოქრიაშვილი: იმ დონის რეჟისორი ნამდვილად არ ვარ, რომ ჩემივე ხალხს მანქანა რამდენჯერმე შევაჯახო და გზიდან გადავაგდო

“არ ვიცი, „ქართულ ოცნებაში“ როგორ მიცნობენ, იმ დონის რეჟისორი ნამდვილად არ ვარ, რომ ჩემივე ხალხს მანქანა რამდენჯერმე შევაჯახო და გზიდან გადავაგდო”.

ასე გამოეხმაურა “ნაციონალური მოძარობა- გაერთიანებული ოპოზიციის” მაჟორიტარობის კანდიდატი კახა ოქრიაშვილი „ქართული ოცნების“ წევრების განცხადებას, რომლის თანახმად, ბოლნისი-მარნეულის გზაზე ოქრიაშვილის აქტივისტის მანქანის მისამართით სროლა, შესაძლოა ისევ „ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშიას“ მიერ დაგეგმილი პროვოკაცია იყოს.

როგორც კახა ოქრიაშვილმა „პალიტრა ნიუსის“ გადაცემაში „რეზიუმეში“ განაცხადა, მანქანას ნატყვიარი ეტყობა.

„კიდევ, კარგი, მაგ დროს არ ამოყირავდა მანქანა. ჩვენი მანქანის დევნა შემდეგ ორმა მანქანამ განაგრძო, თან ესროდნენ. ნატყვიარი მანქანას ეტყობა, გამჭოლი ნატყვიარია. ეს არ არის პირველი ფაქტი. პირველი ფაქტი დმანისში მოხდა, რის შემდეგაც დაახლოებით თვენახევარი გავიდა. შემთხვევა კამერებმა დააფიქსირა, დაახლოებით ათმა კაცმა ჩვენი შტაბის წევრი გაიყვანა და კამერების წინ „დაჟეჟეს“. ყველა იდენტიფიცირებულია და ამ შემთხვევასთან მიმართებითაც თქვეს, რომ ეს ჩვენ თვითონ ჩავიდინეთ“, – განაცხადა კახა ოქრიაშვილმა.

შეგახსენებთ, კახა ოქრიაშვილი 2016 წლამდე “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატი იყო, 2016 წლის არჩევნების შემდეგ კი, “ქართული ოცნების” მაჟორიტარად, პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა წარადგინა.

“ქართული ოცნების” უმრავლესობა კახა ოქრიაშვილმა საკონსტიტუციო ცვლილებებთან და დაკავშირებით უთანხმოების გამო  დატოვა და ისევ ბლოკს “ნაციონალური მოძრაობა- ძალა ერთობაშია” შეუერთდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად