კახა ოქრიაშვილი IDFI-ს კვლევაზე: ყველას ვურჩევ, თავი დაანებოს ინსინუაციებს იმ ადამიანების მიმართ, რომელთაც საკუთარი ქვეყნისთვის სტრატეგიული მარაგების შექმნა შეუძლიათ

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დმანისისა და წალკის მჟორიტარი დეპუტატი კახა ოქრიაშვილი არასამთავრობო ორგანიზაცია IDFI-ს კვლევას ეხმაურება, „Covid-19-თან დაკავშირებული გამარტივებული შესყიდვები“ და  საზოგადოებისთვის განმარტებას აკეთებს.

კახა ოქრიშვილის განმარტებას  IPRESS უცვლელად გთავაზობთ:

“კორონავირუსთან დაკავშირებული ეპიდემიოლოგიური ვითარების დამძიმების შემდეგ, საზღვრების ჩაკეტვასთან ერთად, ტვირთების ლოჯისტიკური გადაადგილება პრაქტიკულად შეჩერდა. დადგა საშიშროება, რომ ქვეყანა ძირითადი მოხმარების საკვები პროდუქტების დეფიციტის წინაშე დადგებოდა. არსებული ვითარების გამო, დღესაც კი შეიმჩნევა წიწიბურას დეფიციტი და შესაძლოა, იგივე პრობლემა შეხებოდა შაქარს, მარილს, საკვებ ზეთსა და სხვა სახის პროდუქტსაც. ამიტომ საქართველოს მთავრობამ მიიღო უსწრაფესი გადაწყვეტილება და დაიწყო ძირითადი მოხმარების ცხრა დასახელების საკვები პროდუქტის სტრატეგიული მარაგების შექმნა. იმ პირობებში, როდესაც მნიშვნელოვნად იყო შეზღუდული როგორც ავტოსატრანსპორტო, ისე სარკინიგზო მიმოსვლა ქვეყნებს შორის, ჩემმა მეგობარმა, ბიზნესმენმა კობა კურდღელაშვილმა, რომელიც ამ ბიზნესით ბოლო 25 წელია დაკავებულია, შექმნა ქვეყანაში შაქრის სტრატეგიული მარაგი. მისი ძალისხმევით, საქართველოს მთავრობამ ბელარუსის მთავრობისგან სრულიად ექსკლუზიურ და ძალიან დაბალ ფასად, შეიძინა 5 000 ტონა შაქარი, რაც დღეს საქართველოს მთავრობისავე დაკვეთით, დასაწყობებულია. შეძენილი 5 000 ტონა შაქრის ღირებულება 2 600 000 დოლარს შეადგენს და საინტერესოა, ექსპერტების მოსაზრება და გამოხმაურება, შეძენილი შაქრის ღირებულებასთან დაკავშირებით. რაც შეეხება რუსეთიდან პროდუქტის იმპორტის საკითხს, კობა კურდღელაშვილის მიერ საქართველოში შემოტანილია სულ 136 000 დოლარის ღირებულების მაკარონი, რადგან იმ პერიოდში, რუსეთის ფედერაციის ქალაქი ვლადიკავკაზი ფაქტობრივად ერთადერთი ხელმისაწვდომი მარშრუტი იყო. აქვე განვმარტავ, რომ როდესაც ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს, ხელისუფლებას უფლება აქვს, პროცესების დაჩქარების მიზნით, პირდაპირი კონტრაქტები გააფორმოს კომპანიებთან. ფასთა კვოტირების მეთოდით, შაქრის ყველაზე მისაღები ფასი საქართველოს ხელისუფლებას შესთავაზა სწორედ ბელარუსის ხელისუფლებამ და არა კობა კურდღელაშვილმა. კურდღელაშვილმა გასწია ფასდაუდებელი ლოჯისტიური სამუშაო და შეუქმნა ქვეყანას შაქრის სტრატეგიული მარაგი. ამიტომ ჩემთვის გაუგებარი და სამწუხაროა, მრავალწლიანი გამოცდილების მქონე და სრულიად უანგაროდ მოქმედი ბიზნესმენის მიმართ უსაფუძვლო ბრალდებები. და ბოლოს, აქ მთავარი პრობლემა არის არა იმაში, თუ რომელი ქვეყნიდან შემოდის ესა თუ ის პროდუქტი, არამედ იმაში, რატომ ვერ ვახერხებთ შაქრისა და მაკარონის წარმოებას ქვეყნის შიგნით. ყველას ვურჩევ, სწორედ ამ პრობლემაზე ისაუბრონ და თავი დაანებონ ინსინუაციებს იმ ადამიანების მიმართ, რომელთაც ასეთ მძიმე ვითარებაშიც კი საკუთარ ქვეყნისთვის სტრატეგიული მარაგების შექმნა შეუძლიათ”.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად