კახა მაღრაძე: იკვეთება, რომ ხაზარაძის მოძრაობა სავარაუდოდ ილიას პოლიტიკურ პლატფორმას გაუყვება

მთავარია, საზოგადოებას ხაზარაძის მოძრაობა აინტერესებს და მას შეფასებები მოჰყვა, – ასე ეხმაურება „აიპრესთან“ საუბრისას PR-ის სპეციალისტი, „ჯეპრას“ კონსულტანტი კახა მაღრაძე იმას, რომ ბიზნესმენ მამუკა ხაზარაძის მოძრაობის დაფუძნებას და მისთვის „ლელო“-ს დარქმევას საზოგადოებაში არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა.

მისი შეფასებით, თუ ამან ინტერესი გამოიწვია საზოგადოებასა და მედიაში, ეს ნიშნავს, რომ რეზონანსული იქნება. მაღრაძე მიიჩნევს, რომ წინასწარ იმის თქმა, რას მოუტანს ეს ამ მოძრაობას არასწორია და თუ ვინმე ამას იტყვის არადამაჯერებელი იქნება.

„აქ მთავარია, რომ შეფასებები მოჰყვა, აქ მთავარია, რომ საზოგადოებას აინტერესებს ამ პოლიტიკური ძალის თუ მოძრაობის გამოჩენა ასპარეზზე. ერთგვაროვანი რეაქციები ხომ არ მოჰყვება? ეს ძალიან ბუნებრივია. ყველა საკუთარი სუბიექტური გადმოსახედიდან აფასებს ამა თუ იმ მოვლენას, მათ შორის პოლიტიკურს. მით უმეტეს საქართველოში. ვის აქვს ილუზია, რომ როდესაც პოლიტიკოსი რამეს იტყვის ის ყველას მოეწონება.

თუ ამან ინტერესი გამოიწვია, თუ მეტი გამოხმაურება აქვს, თუ მედიაც ამაზე ლაპარაკობს და აშუქებს ამ მოვლენას, ეს ნიშნავს რომ რეზონანსული ყოფილა. თუ ვინმე წინასწარ გააკეთებს შეფასებას რას მოუტანს ეს პოლიტიკურ ძალას წინასწარ არ უნდა დაიჯეროთ, იმიტომ, რომ ეს ძალიან ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული. ვერავინ გეტყვით რას მოიტანს მოძრაობის სახელი ან ილია ჭავჭავაძის გარდაცვალების დღესთან ამ ღონისძიების დაკავშირება“, – ამბობს კახა მაღრაძე.

კითხვაზე, ილია ჭავჭავაძის რამდენიმე კონტექსტში ხსენება მათ შორის ის, რომ ისიც ყველა სფეროში ეძებს 12 კვალიფიციურ კადრს ისე როგორც ილია ჭავჭავაძე. ეს ნიშნავს თუ არა იმას, რომ პარალელს ავლებს მასთან? – მაღრაძე პასუხობს:

„იკვეთება, რომ რა პოლიტიკური პლატფორმაც ჰქონდა ილია ჭავჭავაძეს და მის მიმდევრებს, სავარაუდოდ იმ პოლიტიკურ პლატფორმას გაუყვება. მსგავსი კითხვები რომ დაუსვათ მედიამ ხაზარაძის მოძრაობას, უკეთესი იქნება. ის, რომ ილია ჭავჭავაძის სახელი ახსენა არა მგონია იმას ნიშნავდეს, რომ პარალელებს ავლებს. უბრალოდ, შეიძლება ისტორიული მაგალითი იყოს. თუ გვინდა წარმოვაჩინოთ, რომ ამბიციურია და ცუდი ტიპია, რადგან ილია ჭავჭავაძეს შეადარა თავი, ასეც შეიძლება მოვატრიალოთ ეს ამბავი, მაგრამ უფრო ლოგიკურია სხვა ტიპის შეფასება მივცეთ“, – აღნიშნავს პიარის სპეციალისტი.

რაც შეეხება იმას, ხომ სჯობდა პრეზენტაციაზე წარმოედგინა მოძრაობის რამდენიმე სახე მაინც? – ამაზე კახა მაღრაძის პასუხი ასეთია:

„ალბათ, მაგრამ შეიძლება მოძრაობის დაფუძნება მოწოდება იყოს ყველა დაინტერესებული მხარისთვის, ორგანიზაციისთვის თუ პირისთვის, რომ შეუერთდეს ამ მოძრაობას. ასეთი ფორმაც არსებობს. განაცხადო მე ვიწყებ და შემომიერთდიო. ან შეკრიბო რაღაც გუნდი და გუნდთან ერთად გააკეთო პრეზენტაცია. ამ შემთხვევაში პირველ შემთხვევასთან გვაქვს საქმე“, – გვითხრა კახა მაღრაძემ.

ავტორი: იაგო ნაცვლიშვილი

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...