კახა კუჭავა: რაც ჩვენ გუშინ ვიხილეთ, მით უმეტეს, რელიგიის სახელით განხორციელებული ეს ქმედებები უბრალოდ მიუღებელია

“მინდა გამოვეხმაურო გუშინდელ დღეს და იმას, რაც გუშინ მოხდა. რაც ჩვენ გუშინ ვიხილეთ, ეს იყო სამარცხვინო, უბრალოდ, ის, რაც ჩვენს ქვეყანას ნამდვილად არ ეკადრება. ქმედებები, რომელსაც არ შეიძლება, ჰქონდეს გამართლება და ეს ის შემთხვევაა, როდესაც ვერ ვიტყვით მაგრამ. არანაირი მაგრამ. არ შეიძლება, გამართლებული იქნას ის, რაც ჩვენ გუშინ ვიხილეთ და აუცილებლად დასაგმობია ყველას მხრიდან.” – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ განაცხადა.

“ჩვენ ისტორიულად ქვეყანას გვაერთიანებს სიყვარული და ჩვენი რელიგია, რომელიც მოგვიწოდებს მხოლოდ ერთმანეთის პატივისცემას. და ის, რაც ჩვენ გუშინ ვიხილეთ, მით უმეტეს, რელიგიის სახელით განხორციელებული ეს ქმედებები უბრალოდ მიუღებელია. მართლა არ მესმის, ათ-ათი კაცი რომ ერთს დასდევენ, ამას ან კაცობა ჰქვია, ან ვაჟკაცობაში თვლიან, ან ვისი სახელით აკეთებენ ამას, მით უმეტეს, განსაკუთრებით მიუღებელია, როდესაც ჟურნალისტებზე ხდება თავდასხმები – ჟურნალისტებზე, ოპერატორებზე, ადამიანებზე, რომლებიც თავის საქმეს აკეთებენ და არავის არ აქვს უფლება და არც უნდა მიეცეს ვინმეს იმის საშუალება, რომ შეაფერხონ მათი საქმიანობა. მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ მე თავიდანვე გავაკეთე განცხადება, შემდეგ კადრები რაც ვიხილე, უბრალოდ შეუძლებელია, ნებისმიერი ადამიანისგან ეს იყოს ცოტათი მაინც, მოწონებაზე აღარ ვამბობ, მკაცრად გაკრიტიკებული არ იყოს. არ აქვს მსგავს სიძულვილს ადგილი ჩვენს ქვეყანაში. აქ არ არის საუბარი მხოლოდ ჟურნალისტებზე, ტურისტიც კი დაზარალდა და ჩვეულებრივ მოქალაქეებს ქუჩაში დასდევდნენ.

მე მინდა, ამ ადამიანებს ვკითხო – ხვალ მათი შვილები შეიძლება იყვნენ ოპერატორები და ჟურნალისტები და უნდა გაამართლონ მათ შვილებზე ასეთი ქმედება? ეს ყოვლად მიუღებელია. აქ ერთადერთი გამოსავალია და შემდეგი ნაბიჯი – მკაცრი რეაგირება, იდენტიფიცირება ყველა იმ ადამიანის, ვინც ამ ძალადობაში იღებდა მონაწილეობას და მკაცრი რეაგირება, უნდა დაისაჯოს ყველა. სხვანაირად ჩვენ ვერ განვვითარდებით. ” – განაცხადა კახა კუჭავამ.

„თბილისი პრაიდის“ მიმართ აგრესიულად განწყობილი ჯგუფები თბილისის ცენტრში „ღირსების მარშის“ გამართვის საწინააღმდეგოდ 5 ივლისს დილიდან შეიკრიბნენ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა კი მთავრობის სხდომის დაწყების წინ თქვა, რომ პრაიდის კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი “ღირსების მარშის” ჩატარებას მიზანშეწონილად არ მიიჩნევს. მოგვიანებით “ღირსების მარში” ორგანიზატორებმა გააუქმეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჯამში დაკავებულია 11 პირი. სულ იძალადეს 55 ადამიანზე, რომელთაგან 53 მედიის წარმომადგენელია.

კომენტარები
იტვირთება...