კახა კუჭავა: პარლამენტში უსაფრთხოების საგანგებო რეჟიმი მოქმედებს, რათა პარლამენტის მუშაობას საფრთხე არ შეექმნას

პარლამენტის თავმჯდომარის, კახა კუჭავას განცხადებით, პარლამენტში უსაფრთხოების საგანგებო რეჟიმი მოქმედებს, რათა პარლამენტის მუშაობას საფრთხე არ შეექმნას.

ამის შესახებ კახა კუჭავამ ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მას შემდეგ განაცხადა, რაც ფრაქცია “ლელო პარტნიორობა საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ განმარტება მოითხოვა, თუ რატომ არ უშვებენ პარლამენტის შენობაში არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგელებს, რომლებზეც საშვები დაშვებულია. როგორც ჯაფარიძემ აღნიშნა, მათ პარლამენტში მისვლა პრესკონფერენციის ჩასატარებლად სურდათ.

„რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ საშვი ითხოვა. მათ მივეცით, მაგრამ კვლავ არ უშვებენ. თუკი ეს უსაფრთხოების ზომები გამო ხდება, მაშინ წინასწარ გვითხარით, რომ ამ ხუთი არასამთავრობო ორგანიზაციის შემოშვება არ შეიძლება, რადგან უსაფრთხოების რისკებს ქმნის. არ შეიძლება ადამიანების ასე უსაფუძვლოდ შეზღუდვა. რაღა აზრი აქვს საშვთა სისტემას ან პარლამენტში ადამიანების მოწვევას, თუ კი ვინმე უცაბედედ გადაწყვეტს, რომ აღარ უნდა შემოუშვათ“, – მიმართა ბადრი ჯაფარიძემ კახა კუჭავას.

კახა კუჭავამ ჯაფარიძეს განუცხადა, რომ სამომავლოდ, უსაფრთხოების საგანგებო რეჟიმის ამოქმედების თაობაზე ინფორმაციას წინასწარ მიაწვდის, რათა საშვების დაშვებასთან დაკავშირებით ეს გაითვალისწინონ.

„ნახეთ ბოლო რიგგარეშე სხდომა როგორ წარიმართა. ერთ-ერთი სხდომა ჩაიშალა კიდეც. სწორედ წესრიგია მთავარია, რაც მე უნდა უზრუნველვყო. მოქმედებს უსაფრთხოების რეჟიმი იმისთვის, რომ პარლამენტის მუშაობას საფრთხე არ შეექმნას“, – განაცხადა კახა კუჭავამ.

კომენტარები
იტვირთება...