კახა კუჭავა: კონგრესმენების ანგარიშთან დაკავშირებით სპეკულაციას წერტილი დაესვა

„კარგად გვახსოვს, კონგრესმენების ანგარიშის ერთი კონკრეტული ჩანაწერი, რომელმაც რამდენიმე დღის წინ ცნობილი აჟიოტაჟი გამოიწვია. მთლიანად დოკუმენტი მოიცავდა პათოსს თუ რამდენად მყარი და სტრატეგიულია პარტნიორობა საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის“.

განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, კახა კუჭავამ ჟურნალისტებთან საუბრისას.

მისი თქმით, ის ერთი წინადადება აბსოლუტურად ამოვარდნილი იყო მთლიანი კონტექსტიდან.

„ჩვენ ვარაუდი გვქონდა, რომ ამას შეიძლება სხვა საფუძველი და სხვა გზები ჰქონოდა. დღეს მოვისმინეთ იმ 13 კონგრესმენიდან ერთ-ერთის განცხადება, რომ ის ჩართული იყო მხოლოდ დოკუმენტის მიღების სტრატეგიულ ნაწილში და არ აქვს ინფორმაცია ამ ერთ კონკრეტულ წინადადებასთან დაკავშირებით. რაც ყველაზე მთავარია, მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რამდენად მნიშვნელოვანია და სტრატეგიულია სქართველოსთან (ასევე, უკრაინაც არის ნახსენები) თანამშრომლობა. იგი ამ ქვეყნებს მოიხსენიებს დასავლეთის გუნდის შემადგენელ ნაწილად და იმედოვნებს, რომ ეს ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება“, – აღნიშნა კახა კუჭავამ.

მისი თქმით, სპეკულაციას, რომელიც ფაქტიურად ერთდღიანი იყო, უკვე წერტილი დაესვა.

„დოკუმენტის რეალური მიზანი ჩანს კიდეც და ეს არის მყარი, უპრეცედენტოდ მაღალ ნიშნულზე არსებული სტრატეგიული ურთიერთობა საქართველოს და ამერიკის შეერთებული შტატებს შორის, რომელიც არაერთხელ გაგვიგია ოფიციალური ვაშინგტონისგან, მათ შორის, ამერიკის ელჩისგან საქართველოში“, – განაცხადა ვიცე-სპიკერმა.

ცნობისათვის, „რესპუბლიკელმა“ კონგრესმენმა, დონ ბეიკონმა კომენტარი გააკეთა დოკუმენტზე, რომელშიც ბიძინა ივანიშვილი და ვიქტორ მედვედჩუკი რუსეთის პრეზიდენტის ახლო მოკავშირეებად არიან მოხსენიებულნი.

გადაცემა Пограничная ZONA-სთვის მიცემულ ინტერვიუში კონგრესმენმა აღნიშნა, რომ დოკუმენტის ეს ნაწილი მას არ დაუწერია და საამისოდ ტექნიკური ექსპერტები აიყვანეს.

ჟურნალისტის კითხვას, თუ როგორ შედგა დოკუმენტი, დონ ბეიკონმა უპასუხა: „მე ამ დოკუმენტის ეს ნაწილი არ დამიწერია. ჩვენ ტექნიკური ექსპერტები ავიყვანეთ, რომლებიც დაგვეხმარნენ დოკუმენტის შედგენაში. მე ამ დოკუმენტის სტრატეგიული ნაწილით ვიყავი დაკავებული. ჩვენ საქართველოსთან ახლო ურთიერთობები გვსურს. საქართველო ჩვენი მეგობარია. ქართველი ხალხი ჩვენი მეგობარია. იგივე შემიძლია უკრაინაზე ვთქვა“.

შეგახენებთ: გასულ კვირას აშშ-ის კონგრესის წარმომადგენლობითი პალატის რესპუბლიკურმა კვლევის კომიტეტმა (RSC) აშშ-ს გაძლიერებისა და გლობალურ საფრთხესთან ბრძოლის ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც საქართველოზეც არის საუბარი.   13 ამერიკელი კონგრესმენი ბიძინა ივანიშვილს პუტინთან მოკავშირეობაში ადანაშაულებს

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად