კახა კუჭავა: ის, რაც დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში ვიხილეთ ჩვენი მტრის ინტერესებშია

„ის, რაც დღეს აქ ვიხილეთ, არ ვიცი, რამდენად ვინმეს ინტერესებშია, თუ არა ჩვენი მტრის“, – ასე შეაფასა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ პლენარულ სხდომათა დარბაზში განვითარებული მოვლენები.

„მთავარ წარმომადგენლობით ორგანოში, პარლამენტში რაც ხდება, მცდელობა, ჩაიშალოს პროცესი იმ მოთხოვნით, რომელზეც თანახმაა უმრავლესობაც, რაზეც ბიუროზე უკვე ვისაუბრეთ, სადაც იყვნენ ოპოზიციის წარმომადგენლებიც და ვთქვით, რომ იქნება საგამოძიებო კომისია და რიგგარეშე სხდომა, სადაც მინისტრს მოვიწვევთ. ამაზე არათუ თანხმობაა, თარიღზე უნდა შევთანხმებულიყავით და მიგვეღწია შედეგისთვის.

ის, რომ შემოიპარნენ პარლამენტში ის ადამიანები, ვისაც ამის უფლება არ ჰქონდა, არც საშვი იყო დაშვებული, უბრალოდ შემოიპარნენ და შემდეგ რაც სასესიო დარბაზში ხდებოდა, ეს ვინმეს მიგაჩნიათ ნორმალურად? თქვენ, ნებისმიერი თქვენგანი რომ ხელისუფლებაში იყოთ, დაუშვებდით მსგავს ფორმას? მესმის პროტესტი, ამის უფლება გაქვთ, არის ბიუროც, არის სესიაც, სადაც გაქვთ უფლება, რაც შეგიძლია გამოიყენოთ სრულიად. ცალკე გვაქვს გათვლილი დებატები რეგლამენტით, რომელიც შეგვიძლია დავნიშნოთ და ნებისმიერ საკითხზე, ნებისმიერი მინისტრი, მათ შორის, პრემიერ – მინისტრი მოვიწვიოთ, მოვიყვანოთ და გავაცემინოთ ყველა კითხვაზე პასუხი, რაც გაგაჩნიათ, მაგრამ ეს ჩხუბი, აყალმაყალი, ბლოკირება პარლამენტმა რომ არ იმუშაოს, ამაზე ერთი კითხვა დასვით მხოლოდ, ერთადერთი – ვის აძლევს ეს ხელს?“ – განაცხადა კახა კუჭავამ.

კომენტარები
იტვირთება...