კახა კუჭავა: გირაოს გადახდა აჩვენებს ევროკავშირის დიდ სურვილს, საქართველო დაუბრუნდეს კონსტრუქციული პოლიტიკური ცხოვრების დღის წესრიგს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, კახა კუჭავას განცხადებით, ევროკავშირის ეგიდით ნიკა მელიასთვის გირაოს გადახდა აჩვენებს ევროკავშირის ძალიან დიდ სურვილს, საქართველო დაუბრუნდეს კონსტრუქციული პოლიტიკური ცხოვრების დღის წესრიგს, საპარლამენტო ცხოვრებას და მაქსიმუმი გააკეთეს, რომ ამ მიმართულებით ხელის შემშლელი ფაქტორი არ არსებობდეს.

„თვითონ ის ფაქტი, რაც ვნახეთ, პირველ რიგში აჩვენებს ევროკავშირის მხრიდან ძალიან დიდ სურვილს, საქართველო დაუბრუნდეს კონსტრუქციული პოლიტიკური ცხოვრების დღის წესრიგს, საპარლამენტო ცხოვრებას და მაქსიმუმი გააკეთეს მათ, რაც ჩათვალეს საჭიროდ, რომ ყველა ის ხელის შემშლელი საფუძველი, რაც შეიძლება, არსებობდეს, ბოლომდე აღმოფხვრილიყო.

ზუსტად ეს იყო უპრეცედენტო გადაწყვეტილება, რაც მიიღეს, რომ გადაეხადათ გირაო. მე პირადად ჩავთვლიდი, რომ ეს უპრეცედენტო გადაწყვეტილება არის კიდევ ერთხელ ძალიან დიდი დემონსტრირება, თუ რამდენად გვერდში უდგას ევროპა საქართველოს, მათ სურთ ძლიერი საქართველო, კონსტრუქციულ თანამშრომლობაზე დაფუძნებული, არ ვგულისხმობ, რომ კრიტიკა არ უნდა იყოს, პირიქით, ოპოზიციისგან სავალდებულოა კრიტიკა, ჯანსაღი კრიტიკა, თანმიმდევრული გეგმა, თუ როგორ უნდა დაუმტკიცოს თავის ამომრჩეველს, გაზარდოს საკუთარი ამომრჩეველი, რომ შემდეგ შეძლოს ხელისუფლებაში მოსვლა და ა.შ. ეს ის დღის წესრიგია, როგორც ცხოვრობენ ევროპული ქვეყნები და რასაც ელოდებიან ჩვენგანაც ჩვენი ევროპელი პარტნიორები“, – განაცხადა კახა კუჭავამ საზოგადოებრივ მაუწყებელზე..

კომენტარები
იტვირთება...