კახა კუჭავა: გამარჯვებაში დარწმუნებული ვართ, მთავარია, სიმშვიდე და კონკურენტული გარემო იყოს უზრუნველყოფილი

გამარჯვებაში დარწმუნებული ვართ, მთავარია, სიმშვიდე და კონკურენტული გარემო იყოს უზრუნველყოფილი, -ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ ხაშურში, ამომრჩევლებთან შეხვედრისას განაცხადა.

„მივესალმები მუნიციპალიტეტს, რომელიც გეოგრაფიულად ნამდვილად შუაგულია ჩვენი ქვეყნის, დასავლეთის და აღმოსავლეთის დამაკავშირებელი. უდიდესი ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება შემოვლითი გზის სახით, რომელიც ახალი შესაძლებლობაა იმისათვის, როგორ შეიძლება განვავითაროთ ეს მუნიციპალიტეტი და ეს რეგიონი.

რამდენიმე წლის წინ, ერთ-ერთ მაღალმთიან რეგიონში პროექტს ვაკეთებდით, სადაც ელექტროენერგია არ იყო და ვიპოვეთ გამოსავალი, რომ იქ არსებულ მდინარეზე დაგვედგა წისქვილი, რომელიც ელექტროენერგიას გამოიმუშავებდა და ვერსად ვერ შევძელით ამის გაკეთება, ბოლოს მირჩიეს ხაშურში ჩამოსვლა. მართლაც გაკვირვებული ვიყავი, რამდენი პატარა ოჯახური სახელოსნო იყო ამ ქალაქში, რომლებიც მართლაც ხარისხიან პროდუქტს ქმნიდნენ და არა მხოლოდ ეს პატარა წისქვილი, რომელმაც აბსოლუტურად სხვა რეალობის წინაშე დაგვაყენა მას შემდეგ რაც ელექტროენერგია მივიღეთ, ბევრი სხვა პროდუქცია იყო რასაც აქ ვუკვეთავდით, გამათბობლებით დაწყებული, რომელიც დღესაც გამართულად მუშაობს და ვთვლი, რომ საკმაოდ ხარისხიანია. ეს არის ერთი საინტერესო ნიშა, რომელიც შეიძლება კიდევ უფრო განვავითაროთ.

ამ პატარა ოჯახებს მეტი შესაძლებლობა უნდა გავუჩინოთ, რათა უფრო დიდი გეგმები დასახონ და განავითარონ თავიანთი ოჯახური ბიზნესი და ეს ნამდვილად შესაძლებელია, თუ გავითვალისწინებთ ისეთ პროგრამებს, როგორიცაა, მათ შორის, „აწარმოე საქართველოში“, რომელსაც კონკრეტული შედეგები უკვე აქვს, თუმცა შეიძლება უფრო მორგებულიც იყოს კონკრეტულად ამ მუნიციპალიტეტზე“, – განაცხადა კახა კუჭავამ.

მისი თქმით, შესაძლებლობებზე საუბრისას არ შეიძლება, არ ახსენო ქვიშხეთი, ასევე სურამი.

„მშრომელი ხალხი ნამდვილად იმსახურებს, რომ ჰქონდეთ მეტი შესაძლებლობა და სოფლის მეურნეობის მიმართულებით არის ყველანაირი მხარდაჭერა თითოეულ რეგიონში, რაც ბოლომდე უნდა გამოვიყენოთ. რომელიც შემდეგ უნდა განვახორციელოთ.

კიდევ ერთხელ გავიმეორებ, „ქართულ ოცნებას“ დღეს ალტერნატივა არ ყავს. რეგიონები მოვიარეთ და ვნახეთ როგორ ვატარებთ ჩვენ კამპანიას, როგორია მხარდაჭერა და ასევე როგორია ჩვენი ოპონენტების პასიურობასთან ერთად იმედგაცრუება.

ოთხი წლის შემდეგ თქვენს წინაშე წარვდგეთ იმ შედეგებით, რომელსაც ახალ გუნდთან ერთად ნამდვილად მივაღწევთ. მერს, აუცილებლად სჭირდება ძლიერი საკრებულო, რომელიც ასევე მხარდაჭერილია, ცენტრალური ხელისუფლების მიერ.

არჩევნები მნიშვნელოვანია, რადგან ვირჩევთ მომავალი ოთხი წლის განვითარებას, რათა დაწყებული პროექტები ბოლომდე იქნას მიყვანილი და ახალი შესაძლებლობები შეიქმნას.

გამარჯვებაში დარწმუნებულები ვართ. მთავარია სიმშვიდე; მთავარია, უზრუნველყოფილი იყოს ის, რაც ჩვენ უკვე დავამტკიცეთ, კონკურენტული გარემო – ყველა ფუნდამენტური უფლების დაცვით, დემოკრატიულ გარემოში ჩატარებული არჩევნები, სადაც მოგეცემათ საშუალება, თავისუფლად გამოხატოთ თქვენი ნება“, – განაცხადა კახა კუჭავამ.

კომენტარები
იტვირთება...