კახა კუკავა: შაქარაშვილის საქმეზე ხელისუფლების მიმართ პრეტენზია ჯერჯერობით არ მაქვს

ეს არის ამ ხელისუფლების დანაშაული, რომ სპორტული ფედერაციები გადაქცეული ჰყავთ ხელისუფლების პარტიული მანქანის დამხმარე ზონდერბრიგადებად, – ამის შესახებ “თავისუფალი საქართველოს” ლიდერმა კახა კუკავამ დაღუპული ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ამ საქმეზე ხელისუფლების მიმართ პრეტენზიები ჯერჯერობით არ აქვს.

“კონკრეტულად ამ საქმესთან დაკავშირებით ხელისუფლების მიმართ ჯერჯერობით არანაირი პრეტენზია არ მაქვს და არ შეიძლება მქონდეს. იმიტომ, რომ გასულია ძალიან ცოტა დრო. ვინც მტკიცებით იტყვის, რომ ჯერჯერობით რაიმე არის ისეთი, რაც ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე მიუთითებს, ჩემი აზრით არ იქნება სწორი.

კონკრეტულად ამ საქმეზე კითხვებიც არ მაქვს, მაგრამ აქ გამოითქვა რამდენიმე საკითხი, რომელსაც ვეთანხმები. ამ ხელისუფლებას წინა საქმეებიდან გამომდინარე სახელი აქვს გატეხილი, რის გამოც გვაქვს ვარაუდი, რომ შესაძლოა ამ საქმეშიც იყოს, თორემ ორ კვირაში მსოფლიოს ვერცერთ ქვეყანაში ვერავინ იტყვის… არასწორია ბერას ან რომელიმე სხვა პირის დასახელება ამ საქმესთან დაკავშირებით.

შაქარაშვილის საქმესთან კორცხელს რა თქმა უნდა არანაირი შეხება არ აქვს, მაგრამ როდესაც ვნახეთ, რომ სპორტული ფედერაციები გამოყენებული იყო პოლიტიკური ინტერესით, ეს არის არაპირდაპირი წახალისება და ეს არის სისტემური პრობლემა. ეს არის ამ ხელისუფლების დანაშაული, რომ სპორტული ფედერაციები გადაქცეული ჰყავთ ხელისუფლების პარტიული მანქანის დამხმარე ზონდერბრიგადებად”, – განაცხადა კახა კუკავამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად