კახა კუკავა: ჯერ არ გადაგვიწყვეტია, დავუჭერთ თუ არა მეორე ტურში მხარს რომელიმე კანდიდატს

“თავისუფალი საქართველოს” საპრეზიდენტო კანდიდატი კახა კუკავა ამბობს, რომ ჯერ არ მიუღიათ გადაწყვეტილება დაუჭერენ თუ არა რომელიმე კანდიდატს მხარს.

როგორც კუკავამ “აიპრესს” განუცხადა, ადგილობრივი ორგანიზაციების ნაწილს მიაჩნია, რომ ხელისუფლების წინააღმდეგ უნდა მისცენ ხმა, ხოლო მეორე ნაწილი მიიჩნევს, რომ არცერთს უნდა დაუჭირონ მხარი. თავად კუკავა ამბობს, რომ ემოციურ დონეზე მისი მხარდაჭერა მეორე ტურში გასული არცერთი კანდიდატისკენ არ იხრება.

“ჯერ არ გვაქვს მიღებული გადაწყვეტილება. პირადი ემოციების დონეზე არცერთის მიმართ არ მაქვს პირადი სიმპატიები, თუმცა დრეს დილიდან ჩვენი ადგილობრივი ორგანიზაციების ხელმძღვანელები გვირეკავენ და პოზიციები ასეთია, რომ არის ხალხი, ვისაც ხელისუფლების წინააღმდეგ მისცეს ხმა, რომ არცერთ კანდიდატს არ მივცეთ ხმა. საბოლოო ჯამში არა მარტო ჩვენი პარტია შევიკრიბებით, არამედ პარტნიორ პარტიებთან ერთად და საბოლოო გადაწყვეტილებაზე ჩამოვყალიბდებით.

ჩვენი დაბალი შედეგი არა მხოლოდ “ქართული ოცნების” მხრიდან პრესმა განაპირობა, არამედ “ნაციონალური მოძრაობაც” გვებრძოდა. ზუსტად ისევ გვაიგნორებდა “რუსთავი 2” და “ნაცმოძრაობა”, როგორც “იმედი” და “ოცნება”. არცერთ ეგზიტპოლში, არცერთ გამოკითხვაში არ გვახსენებდნენ. უკეთებდნენ რეკლამას უსუფაშვილს და “გირჩს”. არჩევნების შედეგებმა აჩვენა, რომ განსხვავება მიზერული იყო.

“ევროპული საქართველოსთვის” ეს ადვილად მისაღები გადაწყვეტილებაა. ჩვენთან მიმართებაში ეს არის პრობლემაც, რამდენად გაითავისა “ნაცმოძრაობამ” წარსულის გაკვეთილები. რამდენად მზად არიან, რომ ითანამშრომლონ პარტიებთან, ისე როგორც ეს ცივილიზებულ სამყაროში ხდება.

პირდაპირ გეტყვით, მე და ჩემს მეგობრებს იმხელა გამოცდილება კი გვაქვს, რომ ფეხს ვერ ავყვებით, რომ “ნაცები” მოდიან, ეს გასაგებია, მაგრამ ფეხის ხმას ავყვეთ და გამარჯვებულებს გავეკიდოთ, ამ პოზიციაზე ნამდვილად არ ვდგავართ. მოვიქცევით ისე, როგორც ჩვენი ამომრჩეველი გვიკარნახებს. ამაში იგულისხმება არა მხოლოდ ის 21 000 ადამიანი, ვინც ხმა მოგვცა, არამედ მინიმუმ 2 ამდენი, ვინც სახლში დარჩა და შეიძლება ვერ კი გაიაზრა, რომ სჯობდა არჩევნებზე მოსულიყო”, – განაცხადა კახა კუკავამ.

შეგახსნებთ, გუშინდელ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებული ვერ გამოვლინდა. მეორე ტურში ხელისუფლების მხარდაჭერილი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი და გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე გავიდნენ.

“ევროპული საქართველოს” პრეზიდენტობის კანდიდატმა, დავით ბაქრაძემ მეორე ტურის მოსამზადებლად ოპოზიციურ პარტიებს ოპოზიციური პარტიების საკოორდინაციო შტაბი შექმნა შესთავაზა. ამის შესახებ მან დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ავტორი: იაგო ნაცვლიშვილი

სტატიის ავტორი იაგო ნაცვლიშვილი
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად