კახა კოჟორიძე: უზენაესში მოსამართლეთა ამ ფორმით გამწესება საზოგადოებას ბოლო იმედსაც უკლავს (ინტერვიუ)

საქართველოს მეოთხე პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი მართლმსაჯულებს საკითხებში კახა კოჟორიძე ვარაუდობს, რომ ბიძინა ივანიშვილის დუმილი უზენაესის კანდიდატებთან დაკავშირებით შესაძლოა ნიშნავდეს იმას, რომ მას სია მოსწონს, თუმცა მიიჩნევს, რომ სასურველია „ქართული ოცნების“ ლიდერმა პოზიცია გამოხატოს.

კოჟორიძე „აიპრესთან“ ინტერვიუში იმასაც ამბობს, რომ მას არ გაჰკვირვებია ეკა ბესელიას პოზიცია, რადგან მან წინასწარ იცოდა ის, რომ სასამართლოს თემაზე დეპუტატს პრინციპული პოზიცია ექნებოდა.

კახა კოჟორიძე ამბობს, რომ უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა სიმცირის გამო პრობლემა ნამდვილად არსებობს, მაგრამ მას აინტერესებს, ვინც დღეს საუბრობს ამ პრობლემაზე აქამდე პოზიცია რატომ არ გამოუხატავს. შექმნილ პრობლემაში კი პირველ რიგში პარლამენტის პასუხისმგებლობას ხედავს. იურისტი იუსტიციის საბჭოს პასუხისმგებლობაზე საუბრობს.

„აიპრესი“ კახა კოჟორიძეს ბიძინა ივანიშვილის იმ განცხადებასთან დაკავშირებით ესაუბრა, რომელიც ივანიშვილმა უზენაესის კანდიდატებთან და „ოცნებაში“ არსებულ დაპირისპირებაზე გაავრცელა.

_ რა მთავარი გზავნილი დაინახეთ ბიძინა ივანიშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებაში?

_ ივანიშვილის განცხადებაში ჩემთვის მთავარი იყო ის, რომ ბიძინა ივანიშვილს ამ ათკაციან სიასთან დაკავშირებით პოზიცია არ გამოუთქვამს. არც ის უთქვამს, რომ ეს სია მისაღებია და არც ის, რომ მისაღები არ არის. შესაძლოა დუმილი თანხმობის ნიშნად ჩავთვალოთ. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მას ეს სია მოსწონს. ეს მხოლოდ ვარაუდია და კარგი იქნებოდა პოზიცია დაეფიქსირებინა. თუ არ დააფიქსირებდა, შეიძლება რაღაც გარკვეულ უხერხულობას გრძნობდეს, რომ მოქმედ მოსამართლეებთან პოზიცია დააფიქსიროს, არ ვიცი. მაგრამ, მაშინ ზოგადი განცხადება იქნებოდა სასურველი. მაგალითად ასეთი შინაარსის, მას რომ ეთქვა, რომ ის მოსამართლეები, რომლებიც წლების განმავლობაში უსამართლო გადაწყვეტილებებს იღებდნენ, მათი ეს გადაწყვეტილება სამართლის იდეაზე, თუ საამრთლებრივი ღირებულებებისადმი შერჩევა-დანიშვნის პროცესში უნდა იყოს გათვალისწინებული. ეს მესიჯი მის განცხადებაში არ ჩანს.

_ მან ერთ მნიშვნელოვან გარემოებაზე გააკეთა აქცენტი. კერძოდ ის, რომ უზენაესში დღეს 10 მოსამართლეა და საქმეების განხილვას ვერ აუდიან…

_ პირველი რაც მინდა ვთქვა არის ის, რომ უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა სიმცირე ახლა, ამ დღეებში არ შექმნილა. ეს ბოლო წლების განმავლობაში არსებობს. თუ ასე განიცდიდა ვინმე უზენაესში მოსამართლეთა სიმცირეს, მაშინ კონტრშეკითხვა ჩნდება, აქამდე პოზიცია რატომ არ დაუფიქსირებითა?! დღეს საქართველოს პარლამენტში არის საქართველოს მეოთხე პრეზიდენტის მიერ წარდგენილი 3 კანდიდატის საქმე. საკომიტეტო მოსმენაზე კი გავიდა, მაგრამ პლენარულ სესიაზე არც კი არც არა უთქვამთ. თუ ვთქვათ განიხილავდნენ და ჩააგდებდნენ, მაშინ პრეზიდენტი ახალ კანდიდატებს წარადგენდა. იუსტიციის საბჭო თითქოსდა შეშფოთებული რომ არის კადრების სიმცირის გამო, აქამდე პოზიცია რატომ არა გამოუხატავს, რომ უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა სიმცირე იყო. ახლა აწყობთ ამ ვითარების დახატვა, რომ ძალიან მძიმე მდგომარეობაა და ამიტომაც გადაწყვეტილება სასწრაფოდ არის მისაღები. ამ სიტუაციას იყენებენ, რაც მათ არაკეთილსინდისიერებაზე მიუთითებს.

_ უზენაესში ეს პრობლემები არსებობს და რამდენად მნიშვნელოვანია ის?

_ ზოგად სიტიაციას რაც შეეხება არ უარვყოფ იმას, რომ უზენაესში ნამდვილად არის ეს პრობლემა. მაგალითად, სისხლის სამართლის პალატაში სისხლის სამართლის განმხილველი ერთი მოსამართლეა. პალატის შემადგენლობა ერთკაციანი რა თქმა უნდა, ვერ იქნება, შესაბამისად სისხლის სამართლის განმხილველი მოსამართლე დახმარებას სთხოვს სამოქალაქო ან ადმინისტრაციული პალატის განმხილველ მოსამართლეებს. პალატის იდეა ეს არის, რომ მაქსიმალურად კომპეტენეტური გადაწყვეტილებები მიიღონ, ამიტომ ახლა ეს იდეა ვერ მუშაობს. სისხლის საქმეს სამოქალაქოს საქმის მოსამართლე რომ განიხილავს ეს იდეა ვერ იმუშავებს. ასეთი იურისტი, რომ ყველაფრის ძალიან მაგარი მოსამართლეა არცერთ ქვეყანაში არ არსებობს.

პრობლემა არსებობს, მაგრამ ამოცანა გვეკითხება ეს პრობლემა როგორ გადავწყვიტოთ? გადავწყვიტოთ ისე, რომ „კონა ათ შაურად“ ამდენი კანდიდატი ერთად დავასახელოთ და დავნიშნოთ, თან ისეთები, რომლებიც მუდმივად უსამართლობასთან ასოცირდებოდნენ თუ გააზრებული და რაციონალური გადაწყვეტილებები მივიღოთ, გავიაზროთ თითოეული კანდიდატის პროფესიონალიზმი, გამოცდილება, წარსული, განვიხილოთ მათი ხედვები სასამართლოსთან და კომპეტენციებთან დაკავშირებით? ევროპასა და ამერიკაში მოსამართლეს მხოლოდ პროფესიონალიზმზე კი არ უსვამენ კითხვას, არამედ შეიძლება უმარვა სხვა ასპექტზე დაუსვან.

აქ რა მოხდა, ხომ დაინახეთ კადრები? – ფურცლის ნაგლეჯზე დაწერილი 10 გვარი და სახელი. სათითაოდაც კი არ გაიარეს ეს საკითხი. ყველას ერთად უყარეს კენჭი. როგორ შეიძლება ყველა ერთად მოგწონდეს ან არ მოგწონდეს. უზენაეს სასამართლოში ადამიანის ასე გამწესება მოხდეს, ეს გაუგებარი ამბავია!

_ რაც შეეხება არსებულ პრობლემას, რაც უზენაესშია შექმნილი მოსამართლეთა სიმცირის გამო. ამაში ვისი პასუხისმგებლობას ხედავთ?

_ პირველ რიგში პარლამენტის. პარლამენტს კანდიდატები დროულად უნდა განეხილა, რათა ჩაგდების შემთხვევაში პრეზიდენტს ახალი კანდიდატები წარედგინა. რა თქმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს პასუხისმგებლობაცაა, რომელიც ახლა ამ ფორმით გვთავაზობს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევა-დანიშვნას, რომელიც მათ შემოგვთავაზეს.

სასამართლოში შექმნილ ვითარებას იურიდიული საზოგადოება და ზოგადად საზოგადოება ასე თუ ისე შეგუებული იყო, უზენაესის იმედი ყველას რჩებოდა, რომ თუ პირველ ორ ინსტანციაში წავაგებ საქმეს, იქნებ უზენაესში მაინც მოვიგოვო. ახლა უზენაესში გამწესება ამ ფორმით ამ იმედსაც კლავს. სრულიად გასაგებია ის საზოგადო აღშფოთება, რაც ამ საკითხს მოჰყვა.

_ რაც შეეხება ივანიშვილის განცხადებას ბესელიასთან დაკავშირებით, რომ კომიტეტის თავმჯდომარეობიდან მისი წასვლა 1 წლის წინ გადაწყდა, ამაზე რას იტყვით? მესმის, რომ პოლიტიკურ ნაწილში ვერ შეხვალთ, მაგრამ ეს პირდაპირ კავშირშია მოსამართლეების თემასთან…

_ ეს, როდის გადაწყდა ბესელიას თანამდებიდან გადადგმის თუ პარლამენტის ვიცესპიკერად გამწესების საკითხი, ეს არის მეათე ან შეიძლება მეასე ხარისხოვანია ამ სიტუაციაში. ჩვენ ახლა ვსაუბრობთ უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების უვადოდ გამწესებაზე. ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, როგორი სასამართლო გვექნება 20-30 წლის განამვლოაბაში, შესაბამისად ვსაუბრობთ იმაზე როგორი სახელმწიფო გვექნება 20-30 წლის განმავლობაში. შესაბამისად, ვსაუბრობთ იმაზე, როგორი სახელმწიფო გვექნება მომდევნო 20-30 წელში. დემოკრატიული სახელმწიფო სასამართლოში. ეს არის აქსიომა, რაც დადასტურებულია ყველა მოწინავე სახელმწიფოს გამოცდილებით. ვერც საქართველო იქნება გამონაკლისი, რომ ჩვენ შევქმნათ დემოკრატიული და ძლიერი სახელმწიფო სასამართლოს გარეშე. ეს გამორიცხულია.

ეკა ბესელიამ ამ საკითხზე დააფიქსირა პრინციპული პოზიცია, მე ეს არ გამკვირვებია. მანამდეც ვიცოდი მისი ეს პოზიცია. ცოტა ხნით ადრე ერთ-ერთ შეხვედრაზე შევხვდი, სადაც მითხრა, რომ სასამართლოს თემაზე მას ექნებოდა პრინციპული პოზიცია და დააფიქსირა კიდეც. იმიტომაც არ გამკვირვებია, რომ წლების განმავლობაში ის იყო წარმატებული ადვოკატი. სასამმართლოში არსებულ ვითარებას კარგად იცნობდა. ოპოზიციაში ყოფნის დროსაც გამოირჩეოდა პრინციპული პოზიციებით. ახლა იმაზე საუბარი, რომ რატომ დაუკავშირა ახლა ბესელიამ ან სხვა ვინმემ მისი გადადგომა ამ თემას, ეს ჩემთვის მეასე ხარისხოვანია. თუ ვინმე ამაზე ისაუბრებს, ეს ჩემი აზრით პრობლემიდა აქცენტის გადატანა იქნება. თუ იმაზეა საუბარი, რომ თურმე ბესელიას პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილედ განიხილავდნენ, ესეც ქალბატონი ბესელიას სწორ გადაწყვეტილებაზე მიუთითებს. მან არა მხოლოდ იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის პოსტი დათმო, არამედ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობაც. იმისათვის, რომ ამ საკითხზე პრინციპული პოზიცია დაეფიქსირებინა. მის ამ პოზიციას სხვა დეპუტატების მსგავსად, ეს იქნება ჩუგოშვილი, ნაცვლიშვილი, ფოფხაძე, ჭიჭინაძე, გოგიჩაიშვილი თუ სხვა, ყველა ასეთ პოზიციას მივესალმები და მას მხარდაჭერა სჭირდება საზოგადოების მხრიდან.

ავტორი: იაგო ნაცვლიშვილი

სტატიის ავტორი იაგო ნაცვლიშვილი
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...