კახა კოჟორიძე: სიის პირველი ათეული უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი

ამის შესახებ პარტია “ლელო საქართველოსთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა კახა კოჟორიძემ ჟურნალისტებთან პრესკონფერენციაზე განაცხადა.

კოჟორიძის თქმით, პირველ ათეულში იქნებიან ადამიანები, რომელთა ქმედებებშიც, მათი აზრით, პოლიტიკური დაკვეთის შესრულების ნიშნები იკვეთება.

„როგორც კი კომისიაზე მიიღება გადაწყვეტილება, უახლოეს დღეებში იქნება პირველი 10-კაციანი სია ადამიანებისა, რომელთა ქმედებებში მიგვაჩნია, არის იმის ნიშნები, რომ დღეს საქართველოში მართლმსაჯულების სისტემა – ეს იქნება პოლიცია, პროკურატურა, თუ სასამართლო, ასრულებს პოლიტიკურ დაკვეთას. ჩვენ ვხედავთ, რომ ამ ტენდენციას სულ უფრო მზარდი სახე აქვს, სამართალდამცავი სისტემიდან სულ უფრო მეტი ადამიანი არის ჩართული უკანონო ბრძანების შესრულებაში. ეს აზიანებს მთლიანად ამ სისტემას. ამიტომ, აუცილებელია, ამ ტიპის მუშაობით პირველ რიგში მივაწოდოთ შეტყობინება ქართულ საზოგადოებას და სამართალდამცავ სისტემას, ძვირფასო პოლიციელებო, პროკურორებო და მოსამართლეებო, პოლიტიკური დაკვეთის შესრულება დანაშაულია, ეს არ ჩაიდინოთ, ამით სახელმწიფო სუსტდება და ზიანდება. თუ თქვენ ამას მაინც გააკეთებთ, როდესაც პოლიტიკური ხელისუფლება შეიცვლება, და ეს აუცილებლად მოხდება 2020 წელს, თქვენ, როგორც მინიმუმ, მოგიწევთ, სისტემას დაემშვიდობოთ, გათავისუფლდეთ, რადგან ეს არის დანაშაული, პოლიტიკური დაკვეთის შესრულება, ადამიანის დაკავება მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ „ქართული ოცნებისგან“ დაგირეკეს, არის დანაშაული და ასეთი მაგალითები დაგვიგროვდა. პირადად ვმონაწილეობდი პროცესებში, ნოემბრის და დეკემბრის მოვლენების დროს, როცა არაერთი ადამიანი დააკავეს, სასამართლო პროცესზე არც მტკიცებულება, არც არგუმენტი, არაფერი იყო აბსოლუტურად, მაგრამ პოლიციელი მოვიდა და ტყუილი ისაუბრა სასამართლო სხდომაზე, მოსამართლემ ტყუილის საფუძველზე გადაწყვეტილება მიიღო. რა თქმა უნდა, ასეთი ადამიანები სანამ სისტემაში იქნებიან, არ უნდა ველოდოთ არანაირ ცვლილებას, რომ სისტემა გაჯანსაღდება.
ასევე, იცით, ვაპირებთ, ეს სია ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს მივაწოდოთ, რათა მათ გარკვეული შეზღუდვები დაუწესონ. „ქართული ოცნება“ საკითხს არასერიოზულად რომ აღიქვამს, ეს არის სწორედ საფუძველი იმისა, თუ რატომ უნდა შეიცვალოს „ქართული ოცნება“. როდესაც ის ამბობს, არასერიოზულია იმაზე საუბარი, რომ პოლიციელმა დანაშაული არ უნდა ჩაიდინოს, პროკურორმა დანაშაული არ უნდა ჩაიდინოს, მოსამართლემ სამართლიანი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს და თუ ასე არ მოიქცევიან, მაშინ სისტემა უნდა დატოვონ. ცალსახაა, აქ ჩვენ -„ქართულ ოცნებასა“ და პოლიტიკურ პარტია „ლელოს“ ფუნდამენტურად განსხვავებული პოზიციები გვაქვს. როგორ განვითარდება მოვლენები და მუშაობა რა შედეგებს გამოიღებს, ამას მომავალი გვიჩვენებს. ჩვენთვის ამას რამდენიმე მიზეზი აქვს: ეს არის საერთაშორისო პარტნიორები, რომლებსაც მიეწოდებათ ეს ინფორმაცია, ქართული საზოგადოება და თავად სამართალდამცავი სისტემა. „ქართული ოცნება“ სამწუხაროდ ვერ იაზრებს, რომ ამ სამართალდამცავ სისტემაში არსებობენ და ყოველდღიურად მუშაობს ათასობით ადამიანი, ამ ათასობით ადამიანის ძალიან თავდადებულ მუშაობას „ოცნება“ თავიანთი პოლიტიკური ბრძანებებით, რომ ვიღაც დააკავონ, ვიღაცას ბრალი წაუყენონ, რომ შეშა მოიპარონ, ვიღაცას გათბობის საშუალება არ მისცენ, ცივი წყალი დაასხან ზამთარში და ა.შ. აბსოლუტურად ნდობას უკარგავს და ხელს უშლის სამართალდამცავ სისტემას მთავარი ფუნქციის შესრულებაში, ებრძოლოს კრიმინალს. სისტემას სჭირდება ნდობა და ნდობა რომ ჰქონდეს, იქ არ უნდა მუშაობდნენ ისეთი ადამიანები, რომლებიც პოლიტიკურ დაკვეთებს ასრულებენ” – განაცხადა კახა კოჟორიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად