კახა კოჟორიძე მოსამართლეების საკითხზე: მგელს უნდა ვუშლიდეთ ხელს, ცხვრის ჭამაში 

“კრიტერიუმების დაწერა ჰგავს იმას, რომ გვინდოდეს მგელმა არ შეჭამოს ცხვარი და სახარებაში შეგვქონდეს დებულებები – მგელი ცხვარს არ უნდა ჭამდეს. ამას კი არ უნდა ვაკეთებდეთ, არამედ მგელს უნდა ვუშლიდეთ ხელს ცხვრის ჭამაში”, – ამის შესახებ იურისტმა კახა კოჟორიძემ “აიპრესს” მოსამართლეების შერჩევის კრიტერიუმებსა და პროცედურებთან დაკავშირებით განუცხადა. 

მისი შეფასებით, კარგ კრიტერიუმებს მხოლოდ მაშინ აქვს აზრი, როდესაც მას იყენებენ კეთილსინდისიერი ადამიანები. 

კახა კოჟორიძე დასძენს, რომ კრიტერიუმებმა მხოლოდ კეთილსინდისიერი ადამიანების ხელში შეიძლება იმუშაონ სწორად. 

“კარგი კრიტერიუმები ისეთი არაკეთილსინდისიერი ადამიანების ხელში, როგორც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს უმრავლესობაა, ვერ იმუშავებს. კრიტერიუმები დღესაც არსებობს, ორგანულ კანონშია გაწერილი, როგორი უნდა იყოს მოსამართლე, რომ ის უნდა იყოს კეთილსინდისიერი, კომპეტენტური. საბჭო, როდესაც მურუსიძეს უვადოდ ნიშნავდა, 100-დან 95 ქულა დაუწერა კეთილსინდისიერებაში და კიდევ სხვა კრიტერიუმები ჩაუთვალა, რომ დააკმაყოფილა და უვადოდ დანიშნა. 

რა აზრი აქვს ამ შემთხვევაში კრიტერიუმების დადგენას, როდესაც ამ პატივცემულ ბატონებს თუ ქალბატონებს შეუძლიათ თვითონვე განმარტონ, ეს კრიტერიუმი კონკრეტულ შემთვევაში კმაყოფილდება თუ არა?! და როგრც კი შეედავები და ეტყვი, რომ შენ არასწორი შეფასება მიეცი, მაგალითად როდესაც მურუსიძე მიიჩნიე 95%-იან კეთილსინდისიერად… სხვა ადამიანს , ვისაც უარს ეტყვიან დანიშვნაზე და ასეთი ძალიან ბევრი ღირსეული ყოფილი მოსამართლე არსებობს, ამას თუ ვინმე გაასაჩივრებს, იმ საჩივარს ისევ თვითონ განიხილავენ და რა თქმა უნდა საკუთარი თავის წინააღმდეგ გადაწყვეტილებას არ გამოიტანენ, გამოიტანენ მომჩივანის საწინააღმდეგო გადაწყვეტილებას. თვითონ ჭრიან და კერავენ. შესაბამისად ასეთი არაკეთილსინდისიერი ადამიანების ხელში კრიტერიუმების განსაზღვრას არანაირი აზრი არ ექნება. უფრო მეტიც, ეს იქნება კონტრპროდუქტიული, ასეთი კრიტერიუმები შეასრულებს იმ ბრჭყვიალა ქაღალდის ფუნქციას, რომელიც ლამაზად შეფუთავს იმას, რაც არავის არ მოსწონს საქართველოში. 

კრიტერიუმების დაწერა ჰგავს იმას, რომ გვინდოდეს მგელმა არ შეჭამოს ცხვარი და სახარებაში შეგვქონდეს დებულებები – მგელი ცხვარს არ უნდა ჭამდეს. ამას კი არ უნდა ვაკეთებდეთ, არამედ მგელს უნდა ვუშლიდეთ ხელს ცხვრის ჭამაში.

ეს ადამიანები უნდა ჩამოსცილდნენ ამ გადაწყვეტილების მიღებას. 

ჩვენი მთავარი მოთხოვნაა, ესენი გადადგნენ თანამდებობიდან, ამ შემთხვევაში ექნება კრიტერიუმებზე საუბარს აზრი.

შეიძლება საუკეთესო კრიტერიუმები შეუდგინონ და იმასაც არაკეთილსინდისიერად გამოიყენებენ. 

15 წლის განმავლობაში, როცა რომელიმე თანამდებობის პირი ცუდად იქცევა, ვერ ვხვდები, რატომ უნდა დანიშნო ის კიდევ უვადოდ?! რატომ უნდა გჯეროდეს, რომ ის შეიძლება შეიცვალოს?! რა თქმა უნდა არც არავის არ სჯერა, უბრალოდ, როგორც ჩანს ვიღაცას შეიძლება აწყობდეს სწორედ ის, რომ დღეს არის მურუსიძის კლანი, მორჩილი ამ ხელისუფლების. ასეთი დამოიკიდებულებაა მიუღებელი, ასეთი დამოკიდებულებაა, რაც დაანგრევს და ანგრევს კიდევაც მართლმსაჯულების სისტემას”, – აღნიშნა კახა კოჟორიძემ. 

მისი თქმით, ფსონის დადება ხდება მხოლოდ იმ ადამიანებზე, ვინც უსიტყვოდ ემორჩილებოდნენ წინა ხელისუფლებას.  

“ვინც წინა ხელისუფლების დროს ღირსეული და კომპეტენტური გადაწყვეტილებებით გამოირჩეოდნენ, მაგალითისთვის – უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლეები – ნათია წკეპლაძე, თეიმურაზ თორდია, ნუნუკა კვანტალიანი, საკონსტიტუციო სასამართლოში – ქეთევან ერემაძე, ეს მოსამართლეები სამწუხაროდ, როცა დანიშვნის საკითხი დგება ხოლმე, ან ნომინირების, არავის ახსენდება. ეს ადამიანები გამოირჩეოდნენ სწორედ სამართლიანი, კვალიფიციური, კომპეტენტური, გაბედული გადაწყვეტილებებით, მაგრამ დღეს ესენი მოსამართლეები არ არიან, რადგან გაუვიდათ ვადა, რა თქმა უნდა მურუსიძე და კლანი ნათია წკეპლაძეს ხომ არ დაასახელებდნენ უზენაესში კანდიდატად,  დაასახელეს საკუთარი თავი.

სისტემა გვაქვს ისეთი მახინჯი, რომ კეთილსინდისიერი ადამიანები ირიყებიან და უნდათ, რომ არაკეთილსინდისიერი ადამიანები უვადოდ დანიშნონ უზენაესში. ასეთი მახინჯი და დეგრადირებული სისტემა მივიღეთ ჩვენ სწორედ ამ სიტუაციაში”, – აცხადებს კახა კოჟორიძე “აიპრესთან”. 

ავტორი: თაკო პაატაშვილი

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად