კახა კალაძის განცხადებით, “ოლიმპიური ვარსკვლავის” მიერ დაზარალებული 400-მდე ოჯახი კუთვნილ ფართს მიიღებს

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, სამშენებლო კომპანია „m2”-თან გაფორმებული მემორანდუმის მიხედვით, კომპანია „ოლიმპიური ვარსკვლავის“ მიერ დაზარალებული 400-მდე ოჯახი მიიღებს კუთვნილ ფართს.

„გუშინ იყო ძალიან კარგი დღე იმ თვალსაზრისით, რომ დავიწყეთ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება, რომელსაც 10-12 წელი ელოდებოდნენ ადამიანები. ეს არის სამშენებლო კომპანია „ოლიმპიური ვარსკვლავის“ მიერ დაზარალებული ოჯახები, რომლებიც მთელი რიგი პრობლემების გამო ვერ ახერხებდნენ საკუთარი ფართების მიღებას.

ეს არის პრობლემა, რომელიც 2008 წლიდან დაიწყო და ძალიან მიხარია, რომ ჩვენ შევძელით და მოვახერხეთ ის, რომ სამშენებლო კომპანია „m2”-თან გავაფორმეთ მემორანდუმი, სადაც კომპანია „m2” იღებს ვალდებულებას, რომ ეს მშენებლობა დაასრულოს და ყველამ მიიღოს საკუთარი ბინები.

ჩვენ პირველი ასეთი პროექტი განვახორციელეთ სამშენებლო კომპანია „სვეტის“ მიერ დაზარალებული ოჯახებისთვის, 2500-მდე ოჯახი დაკმაყოფილდა. საკმაოდ კარგი გამოცდილება გვაქვს დაგროვილი უკვე და ამ გადაწყვეტილებით, რომელიც გუშინ იქნა გაფორმებული, დაახლოებით 400-მდე ოჯახი, რომლებიც ბინებს ელოდებოდნენ, იქნება დაკმაყოფილებული. ჩვენ ვაგრძელებთ ანალოგიურ მიდგომას და დამოკიდებულებას სხვა დაზარალებული ოჯახების მიმართ, როგორებიცაა მაგალითად სამშენებლო კომპანია „ცენტრ პოინტის“ მიერ დაზარალებული ოჯახები და დარწმუნებული ვარ ძალიან მალე აქაც მივიღებთ დადებით შედეგს და 6500-ზე მეტი ოჯახი იქნება დაკმაყოფილებული”. – ამბობს კალაძე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად