კახა კალაძე: უგულავას და ოქრუაშვილის შეწყალება, არაპოპულარული გადაწყვეტილება იყო პრეზიდენტის მხრიდან

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებას მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის 8 მარტს დადებულ შეთანხმებასთან კავშირი არ აქვს.

როგორც კალაძემ აღნიშნა, ოპოზიციის მიზანი იყო, შეთანხმებით განსაზღვრული საკონსტიტუციო სისტემის ცვლილება არ განხორციელებულიყო, რაც ქვეყნის იმიჯს დააზიანებდა, მაგრამ მათ ეს არ გამოუვიდათ.

„ჩემთვის, ისევე, როგორც ნებისმიერი მოქალაქისთვის, გულდასაწყვეტი და არაპოპულარული გადაწყვეტილება იყო პრეზიდენტის მხრიდან მიღებული, თუმცა, როგორც პოლიტიკოსს, მესმის ამ გადაწყვეტილების და იმ განმარტებების, რომელიც გაკეთდა. მე რამდენიმე დღის წინ ვისაუბრე, დღესაც გავაკეთე ამაზე აქცენტები და კიდევ უფრო გამიმყარდა რწმენა იმის შესახებ, რომ ოპოზიცია მაქსიმალურად მიმართული იყო იმისკენ, რომ არსებული საარჩევნო სისტემის ცვლილება ვერ განხორციელებულიყო, რაც, რა თქმა უნდა, სერიოზულ ზიანს მოუტანდა ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას, თუმცა მათ ეს არ გამოუვიდათ. დანარჩენს, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ვაჩვენებთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის განმარტებით, მმართველ გუნდს პრეზიდენტის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ინფორმაცია მანამდე არ ჰქონია.

„რაც შეეხება, ვიცოდით თუ არა პრეზიდენტის გადაწყვეტილება, სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, რომ ჩვენ ეს ინფორმაცია არ გვქონდა. რა თქმა უნდა, როდესაც აპელირება მიდიოდა 8 მარტის შეთანხმებაზე, მე დღესაც ვისაუბრე, რომ ეს არ ყოფილა და ვერ იქნებოდა შეთანხმების საფუძველი, რადგან ვერც პარლამენტი და ვერც მთავრობა გადაწყვეტილებას ვერ მიიღებდა. შესაბამისად, შეთანხმება ვერ შედგებოდა ისეთ რაღაცაზე, რომლის შესრულების შესაძლებლობა არ არსებობდა. ვერ გვაჩვენებთ ვერც ერთ პუნქტს, ვერც ერთ სიტყვას იმ შეთანხმებაში, რომელიც საჯარო გახდა, რომ იქ საერთოდ ნახსენები იყო კრიმინალების გამოშვება.

პრეზიდენტის გადაწყვეტილებას 8 მარტის შეთანხმებასთან არანაირი კავშირი არ აქვს. კიდევ ერთხელ სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ჩვენ მზად ვართ, სარჩევნო სისტემის ცვლილებას მხარი დავუჭიროთ. ეს ვალდებულება იყო ჩვენი მხრიდან აღებული და ზუსტად ამის მცდელობა ჰქონდათ ჩვენს ოპონენტებს, რომ ეს ყველაფერი ქვეყნის წინააღმდეგ გამოეყენებინათ, რაც ნამდვილად არ გამოუვიდათ“, – განაცხადა კახა კალაძემ

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად