კახა კალაძე: თუ ეს კომპანია 2 კვირაში პროექტს არ დაასრულებს, გააბრძანეთ!

თბილისის მერმა კახა კალაძემ, შპს “მშენებელი 2019”-ს ორკვირიანი ვადა მისცა მუხიანის მეოთხე ა მიკრორაიონის N5-N6-N7 კორპუსების მიმდებარედ არსებული სკვერის სრული რეაბილიტაციის დასასრულებლად.

კახა კალაძის თქმით, იმ შემთხვევაში თუ კომპანია ორი კვირის ვადაში ვერ დაასრულებს სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რომელიც დაახლოებით, 850 კვადრატულ მეტრ ფართობზე ხორციელდება, რისთვისაც გამგეობის ბიუჯეტიდან 127 549 ლარია გათვალისწინებული, ხელშეკრულება შეუჩერდება.

„მუხიანში უნდა დამთავრებულიყო მუხიანის მეოთხე „ა“ მიკრორაიონის N5-N6-N7 კორპუსების მიმდებარე ტერიტორიაზე უნდა დასრულებულიყო სკვერის მშენებლობა, რომელიც დაახლოებით 1000 კვადრატამდეა. თუმცა, ნამდვილად გულდასაწყვეტია, მე ყველაფერი მესმის, ყველა გარემოება, პანდემია, შეზღუდვები, მაგრამ ამ რთულ ვითარებაში არ გაგვიჩერებია არანაირი მუშაობა და ინფრასტრუქტურული პროექტები და სხვადასხვა მიმართულებით სამუშაოები.
შეიძლება იმ ტემპით ვერ მიმდინარეობდა სამუშაოები როგორი მოლოდინიც ჩვენ გვქონდა, როგორიც წლის დასაწყისში იყო, მაგრამ სამუშაოები არცერთ პროექტზე არ შეჩერებულა.
ეს კონკრეტული პროექტი რომელიც დიდი ხნის განმავლობაში უნდა ყოფილიყო დასრულებული, იქ დღეს არის კატასტროფული მდგომარეობა. აბსოლუტურად მიგდებული, ყურადღებას არავინ აქცევს. ეს კონკრეტული კომპანია არ ვიცი საერთოდ რას ფიქრობს და დღეს გვაქვს ასეთი მდგომარეობა გაუბედურებული. სკვერი რომელიც დღეს დასრულებული უნდა ყოფილიყო, ფაქტობრივად სანაგვედ არის ქცეული, წყალი დგება. აქ არ ვიცი ადამიანი როგორ უნდა ჩავიდეს, როგორ დაისვენოს, რა დასვენებაზეა ლაპარაკი, გავლა არის შეუძლებელი.
მინდა გამგებელსაც დავავალო, ეს თქვენი პროექტია, დაიბარეთ კონკრეტული კომპანია დღესვე, ჩართეთ ჩვენი საქალაქო სამსახური და ირაკლი ბენდელიანს მინდა დავავალო დაესწარით ამ შეხვედრას, დაიბარეთ ეს კომპანია და მიეცით ორი კვირის ვადა.
ორი კვირის განმავლობაში თუ ეს პროექტი არ იქნება დასრულებული, შეგიძლიათ გააბრძანოთ. ასეთი კომპანიები ვერ უნდა იღებდნენ მუნიციპალიტეტისა და გამგეობის ტენდერებში მონაწილეობას.
გასული წლის განმავლობაში ჩვენი ძალინ ბევრი კომპანია გავაშავეთ და არავის მიცემთ იმის უფლებას, რომ მოსახლეობა ფეხებზე დაიკიდონ”.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად