კახა კალაძე: ქართლზე გადის ფრონტის ხაზი – გორი მებრძოლი და გმირი ქალაქია

პირდაპირ ვიტყვი, რომ ქართლზე გადის ფრონტის ხაზი. აქ გორში, ყველა იმ საერთო საქმეს, რაც ქვეყნის წინაშეა, ერთვის ის განსაკუთრებულობა, რომ თქვენ უყურებთ ომის დანატოვარს – სისხლზე და ცრემლზე გადახვეულ მავთულხლართს, ჩვენი მიწა-წყლის წაგლეჯილ ნაწილებს, ეს ქალაქი მებრძოლი და გმირი ქალაქია. – ამის შესახებ ,,ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” გენერალურმა მდივნმა კახა კალაძემ, გორისა და კასპის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის გიორგი ხოჯევანიშვილის წარდგენაზე განაცხადა

“პირველ რიგში, მინდა ყველას მადლობა მოგახსენოთ დღეს აქ მობრძანებისთვის.

ჩემთვის პატივია, რომ დღეს თქვენს წინაშე გამოვდივარ საქართველოს გულში, შდა ქართლში, საქართველოს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ქალაქში, გორში.

სწორედ აქ, ამ ქალაქმა გადაიტანა საკუთარ თავზე ყველაზე მძიმე დღეები, სწორედ ამ ადგილებში შეიქმნა გმირობის, ვაჟკაცობის, თავდადებისა და ერთგულების უამრავი ისტორია, რომელზეც ჩვენი შვილები, მომავალი თაობები აღიზრდებიან.

პირდაპირ ვიტყვი, რომ ქართლზე გადის ფრონტის ხაზი. აქ გორში, ყველა იმ საერთო საქმეს, რაც ქვეყნის წინაშეა, ერთვის ის განსაკუთრებულობა, რომ თქვენ უყურებთ ომის დანატოვარს – სისხლზე და ცრემლზე გადახვეულ მავთულხლართს, ჩვენი მიწა-წყლის წაგლეჯილ ნაწილებს, ეს ქალაქი მებრძოლი და გმირი ქალაქია.

თქვენ, გორის მაცხოვრებლებმა ყველაზე კარგად იცით, თუ რას ნიშნავს ოკუპაცია, ეს მოუშუშებელი იარა, რომელიც ყოველდღიურად გვახსენებს თავს. კარგად იცით, რა მძიმე შედეგები შეიძლება მოყვეს პოლიტიკოსების არასწორ ნაბიჯებს.

თქვენ გახსოვთ, წინა ხელისუფლებამ, რომელიც წამოეგო რუსულ პროვოკაციას და საკუთარი დანაშაულების გამო ხალხისთვის პატიება ეთხოვა და სახლში წასულიყო, პირიქით, რეპრესიები გააძლიერა.
პირადად მე, როდესაც 2012 წელს, წინასაარჩევნო კამპანიაში ჩართული ვიყავი და ბევრ ნაცნობ ადამიანს შევხვდი, ვისთანაც ერთად, შეიძლება ითქვას, გორის მიმდებარე სოფლები ფეხით შემოვიარეთ, გვახსოვს თუ როგორი აგრესიით შეეცადა დაგვპირისპირებოდა მაშინდელი რეჟიმი.
ამან მხოლოდ და მხოლოდ განგვიმტკიცა რწმენა, რომ ეს იყო რომ ეს იყო სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა თავისუფლებისთვის, სამართლიანობისთვის და ქართველმა ხალხმა ეს ბრძოლა მოიგო და წარმატებით დაასრულა.

„ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან, ხელისუფლების ერთ-ერთი უმთავრესი მიზანი სწორედ ადამიანზე ზრუნვა, ადამიანის პატივისცემა და ყოველგვარი ჩაგვრისა და უსამართლობის დასრულება გახდა ქვეყანაში, რაშიც თქვენი როლი და წვლილი არის ძალიან დიდი და ამისთვის მინდა, თითოეულ თქვენგანს, იმათაც, ვინც დღეს აქ ვერ შეძლო მოსვლა, მადლობა გადავუხადო.

ამასთან ერთად, რა თქმა უნდა, ჩვენი მთავარი მიზანი ოკუპირებული ტერიტორიების საბოლოო დეოკუპაციაა, რომელიც სწორი საგარეო პოლიტიკის წარმოებასთან ერთად, ქვეყანაში დემოკრატიის ხარისხის, ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებასა და განვითარებას უკავშირდება.

ჩვენ ზუსტად ვიცით, რომ საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებ და ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გამოსახლებულ მოსახლეობას განსაკუთრებული ზრუნვა ესაჭიროება და ამისთვის სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს. ჩვენ ზუსტად ვიცით, რომ თუ ღირსეული ცხოვრების პირობები და სიამაყე თუ არ ექნება შენს მოქალაქეს შენს ქვეყანაში, თუ საოკუპაციო ხაზს მიღმა მყოფმა ადამიანმა არ დაინახა, რომ სწორედ აქეთ არის სამართლიანობა, თავისუფლება, განვითარება და მშვიდობა, სხვანაირად გაგვიჭირდება ქვეყნის გამთლიანება.

ამიტომ, ჩვენ, თქვენთან ერთად, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ საქართველო და მითუმეტეს ეს მხარე იყოს განვითარებული, ეკონომიკურად ძლიერი და მიმზიდველი ყველასთვის.

ჩვენ ჩვენი ყოვედლღიურობით, ჩვენი ქმედებებით უნდა შევქმნათ წარმატებების ისტორია, უნდა შევქმნათ წარმატებული გლეხები, წარმატებული სოფლები, წარმატებული რაიონები, წარმატებული ქალაქები. ერთად საქართველოს წარმატებისთვის!”- განაცხადა კახა კალაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად