კახა კალაძე ოპოზიციაზე: ისინი მხოლოდ დესტრუქციით შემოიფარგლებიან

თბილისის მერი, “ქართული ოცნების” გენერალური მდივანი კახა კალაძე აცხადებს, რომ სამოქალაქო სექტორს უფლება აქვს “საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ” კანონში შეტანილი ცვლილებები საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივროს.

რაც შეეხება ოპოზიციას დამოკიდებულებას აღნიშნულ ცვლილებებთან დაკაშირებით, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ოპოზიცია მხოლოდ დესტრუქციით შემოიფარგლება.

“მათი უფლებაა და შეუძლიათ ეს უფლება გამოიყენონ. ჩვენ, თუ შევხედავთ ბოლო თვეების განმავლობაში ოპოზიციის ქმედებებს და არა მხოლოდ ბოლო თვეების, მთლიანად მათი არსებობის მანძილზე, ისინი მხოლოდ და მხოლოდ დესტრუქციით შემოიფარგლებიან. ძალიან ცუდია, ცუდია პირველ რიგში მათთვის, ცუდია ჩვენი ქვეყნისთვის, მაგრამ არა უშავს, საზოგადოება, ხალხი ყველაფერს ხედავს. მე არ შემიძლია არ აღვნიშნო, ამ პანდემიის დროს, ამ რთულ პერიოდში, როგორი ზიზღით მოიხსენიებდნენ  იმ ადამიანებს, ვინც ფრონტის წინა ხაზზე იყო,” – განაცხადა კახა კალაძემ.

შეგახსენებთ: პარლამენტმა გუშინ 81 ხმით მესამე მოსმენით დაამტკიცა ცვლილებების პაკეტი, რომლითაც მთავრობას 15 ივლისამდე შემზღუდავი ღონისძიებების გატარება საგანგებო მდგომარეობის გარეშეც შეეძლება.

კანონს გუშინვე მოაწერა ხელი საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა.

„საიას“ სარჩელი უკვე მზად აქვს და მას საკონსტიტუციო სასამართლოს  ორშაბათს წარუდგენს. სარჩელი კონსტიტუციის ორ მუხლს შეეხება. საუბარია გადაადგილებისა და შრომის თავისუფლების შეზღუდვაზე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად