კახა კალაძე: გიორგი გახარიამ ნარკოტესტთან დაკავშირებით ბევრი ეჭვი გააჩინა

„ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატის, კახა კალაძის განცხადებით, ნარკოტესტის ჩაბარებასთან დაკავშირებით გიორგი გახარიას ქმედებებმა გარკვეული კითხვის ნიშნები და ეჭვები გააჩინა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში ვიდეოჩართვისას ისაუბრა, სადაც მოქალაქეების კითხვებს უპასუხა.

კახა კალაძის თქმით, თბილისის მერობის ყველა კანდიდატს რომ ნარკოტესტი ჩაებარებინა, ეს იყო პოზიტიური წამოწყება, რაც ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციისკენ იყო მიმართული. ხოლო გიორგი გახარიას ქმედებები და ის, რომ მან ნარკოტესტის გაკეთება არა საქართველოში, არამედ საზღვარგარეთ გადაწყვიტა, გაუგებარია.

„გაუგებარია გიორგი გახარიას ქმედებები ამ ჩემს უწყინარ წამოწყებასთან დაკავშირებით. ეს იყო პოზიტიური წამოწყება, რაც ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვას უკავშირდება. დღეს, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეს მიმართულება. აუცილებელი არაა ყველა სპორტსმენი გამოვიდეს, თუმცა ჯანსაღი ცხოვრება და ამის პოპულარიზაცია, საჭიროა. მეგონა, რომ პირველი გიორგი იქნებოდა, ვინც ამ ყველაფერში მხარს ამიბამდა, გამომყვებოდა. მაგრამ მისგან მივიღეთ გაუგებარი განცხადებები, გაუგებარ სიტუაციებში შესვლა. თავისი ქმედებებით და გადადგმული ნაბიჯებით ბევრი ეჭვი და კითხვის ნიშანი გააჩინა. არადა მარტივად შეეძლო გაეკეთებინა ყველაფერი“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ნარკოტესტის თემასთან დაკავშირებით, დეტალებში შესვლას მეტად აღარ აპირებს, რადგან ახლა მისთვის მნიშვნელოვანი საარჩევნო კამპანია და ქალაქის განვითარების ხედვაა.

„ახლა საარჩევნო კამპანია გვაქვს, წარმოვადგენთ ჩვენს ხედვას ქალაქის განვითარებაზე, თუ როგორი უნდა იყოს თბილისი მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში და არ მინდა ამ თემაზე მეტად დეტალებში შესვლა. თუმცა ფაქტია, რომ ამ ადამიანმა ბევრი კითხვის ნიშანი გააჩინა, რაც ჩემთვის გაუგებარია“, – აღნიშნა თბილისის მერობის კანდიდატმა.

კომენტარები
იტვირთება...