კახა კალაძე გალაკტიონ ტაბიძის 130 წლისადმი მიძღვნილ საღამოს დაესწრო

დედაქალაქის მერი კახა კალაძე, მოადგილე ანდრია ბასილაიასთან ერთად, გალაკტიონ ტაბიძის 130 წლის საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილ საღამოს დაესწრო.

საიუბილეო საღამო გუდიაშვილის სკვერში გაიმართა, რომელზეც სტუმრებს გააცნეს გალაკტიონის შემოქმედება, როგორც ხელოვნების სხვადასხვა დარგისთვის შთაგონების წყარო.

 

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, სასიხარულოა, რომ თბილისი „წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“ გახდა და ამ სტატუსის ფარგლებში, არაერთი პროექტი განხორციელდა, მათ შორის გალაკტიონ ტაბიძის 130 წლის აღსანიშნავი საიუბილეო კვირეული და დღევანდელი საღამო.

 

„უპირველეს ყოვლისა, მინდა, ძალიან დიდი მადლობა მოგახსენოთ მობრძანებისთვის. მიუხედავად სიცივისა, ბევრი ადამიანი შეიკრიბა. მე, როგორც ქალაქის მერს და ამ ქალაქში მცხოვრებ ადამიანს, ძალიან მიხარია, რომ მოვახერხეთ UNESCO-ს პროექტით  და ვატარებთ „წიგნის მსოფლიო დედაქალაქის” სტატუსს. ეს სტატუსი მომავალი წლის აპრილამდე ექნება ჩვენს დედაქალაქს, რაც იძლევა შესაძლებლობას, ბევრი საინტერესო პროექტი განვახორციელოთ.

 

რაც შეეხება საიუბილეო საღამოს, გალაკტიონ ტაბიძეს რამდენიმე დღის წინ 130 წელი შეუსრულდებოდა და ეს ღონისძიება სწორედ მის შემოქმედებას მივუძღვენით. დარწმუნებული ვარ, მომდევნო თვეების განმავლობაში, კიდევ არაერთ პროექტს შევთავაზებთ საზოგადოებას, რაც იქნება უფრო დატვირთული საინტერესო პროგრამებით. კიდევ ერთხელ, მადლობა ჩემს თანამშრომლებს, ყველა იმ ადამიანს, რომელმაც განსაკუთრებული წვლილი შეიტანა იმაში, რომ ჩვენ „წიგნის მსოფლიო დედაქალაქის” სტატუსი მიგვეღო“, – განაცხადა კახა კალაძემ.

 

საიუბილეო საღამოს წამყვანები იყვნენ ვახტანგ ჯავახაძე, ნინო კასრაძე, ლაშა ბაქრაძე და ნესტან ნენე კვინიკაძე. მათ ისაუბრეს გალაკტიონ ტაბიძის ბიოგრაფიის მნიშვნელოვან და უცნობ დეტალებზე, მოგონებებზე და წაიკითხეს ნაწყვეტები მისი შემოქმედებიდან. ხოლო საღამოს რეჟისორები იყვნენ დავით საყვარელიძე, მუსიკოსები – დავით ევგენიძე, ერეკლე დეისაძე, ანუშკა ჩხეიძე, სანდრო ბიბიჩა კვაჭაძე და ცოტნე ზედგინიძე.

 

სცენა გაფორმებული იყო გალაკტიონის საარქივო ფოტომასალის ინსპირაციით, მხატვარ გიორგი ჯინჭარაძის მიერ შექმნილი ილუსტრაციებით.

 

„თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“ UNESCO-ს პროექტია, რომელიც ხორციელდება დედაქალაქის მერიის ფინანსური მხარდაჭერით. პროექტის გენერალური სპონსორია საქართველოს ბანკი.

 

კომენტარები
იტვირთება...