კახა კალაძე: ენეგეტიკულ ინფრასტრუქტურაში 10 წელში 700 მილიონი დოლარი დაიხარჯება

ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძის განცხადებით, ენერგეტიკაში საკმაოდ ბევრი ინვესტიცია ხორციელდება. მისივე თქმით, ენეგეტიკული ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის შემდეგი ათი წლის განმავლობაში 700 მილიონი დოლარი დაიხარჯება. ამის შესახებ კახა კალაძემ “რეგიონული უთანასწორობის დაძლევის” მე-5 საერთაშორისო კონფერენციაზე განაცხადა.

“ენერგეტიკის სფერო არის ყველაზე მიმზიდველი ინვესტორებისათვის. მინდა გითხრათ, რომ ძალიან ბევრი ინვესტიცია ხორციელდება ამ მიმართულებით და არცერთი ჰიდროელექტროსადგურის, თბოელექტროსადგურის პროექტი არ არის შეჩერებული და მიმდინარეობს მშენებლობები . ჩვენ დაახლოებით 500 მეგავატის დადგმული სიმძლავრის ახალ პროექტებზე გვაქვს მემორანდუმები გაფორმებული, რომლის მშენებლობაც დაიწყება 2016 წელს. ასევე ინფრასტრუქტურული პროექტები: ეს არის ახალი ხაზების მშენებლობა, ქვესადგურების მშენებლობა , შიდა ელექტროგადამცემი ხაზების მოწესრიგება. შემდეგი 10 წლის განმავლობაში მხოლოდ ამ მიმართულებით დაახლოებით 700 მილიონი დოლარი დაიხარჯება”, – ეს განცხადება ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ.

თბილისში, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ორგანიზებით, რეგიონული უთანასწორობების დაძლევის (CORD) 2 დღიანი საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნა. კონფერენცია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ნოდარ ჯავახიშვილმა გახსნა. ღონისძიების მონაწილეებს მიესალმნენ ევროკავშირის ელჩი საქართველოში იანოს ჰერმანი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი და ვიცე–პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე. კონფერენციას, ასევე, ესწრებიან საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში დავით ბაქრაძე და ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი.

კონფერენცია გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით იმართება და მაკედონიის, სერბეთის, მონტენეგროსა და მოლდოვას შემდეგ პირველად ტარდება საქართველოში. ღონისძიებაში, ასევე, მონაწილეობას იღებენ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში რეგიონულ განვითარებაზე მომუშავე პოლიტიკოსები და ევროკავშირის ექსპერტები.

კონფერენციაზე განხილავენ სამხრეთ კავკასიის რეგიონში ევროკავშირის დახმარებით განხორციელებული პროგრამების მიმდინარეობას. ასევე, შემუშავდება და დაიგეგმება 2014-2020 წლებში განსახორციელებელი ახალი მიმართულებები.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად