კახა კალაძე: “ელიავას ბაზრობის” მოდერნიზება უნდა განხორციელდეს

ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, “ყველასთვის ცნობილია ელიავას ბაზრობის უსისტემო განვითარებით გამოწვეული პრობლემები. მინდა, საზოგადოებას გავაცნო მერიის პოზიცია და ის აქტივობები, რომლებიც უკანასკნელი თვეების განმავლობაში განვახორციელეთ ელიავას ბაზრობის მესაკუთრეებთან ერთად.
ელიავას ბაზრობის მოდერნიზება უნდა განხორციელდეს. ეს პოზიცია ეფუძნება შემდეგს:
ქალაქის განვითარების პარალელურად, სავაჭრო ობიექტის არსებობა, რომელიც არანაირ სტანდარტს არ აკმაყოფილებს და მისი ასეთი ფორმით შენარჩუნება პრინციპულად მიუღებელია არამხოლოდ ჩემთვის, არამედ თითოეული ჩვენი თანამოქალაქისთვის;
ეს არის აქტიური ეკონომიკური ზონა, რომელიც ხელსაყრელი, ხელმისაწვდომი და მნიშვნელოვანია როგორც მოვაჭრეებისთვის, ასევე, მომხმარებლებისთვის;
იცით, რომ ერთი წლის წინ დამტკიცდა ქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა და სწორედ ამ გეგმის მიხედვით აღნიშნულ ზონას შენარჩუნებული აქვს სავაჭრო ზონის სტატუსი. ასევე მითითებულია, რომ მისი მოდერნიზება და განვითარება უნდა მოხდეს ერთიანი გეგმარების პირობებში, რაც მოიცავს განაშენიანების რეგულირების გეგმის დამტკიცებას, გზათა ქსელის, კომუნიკაციების, რეკრეაციული სივრცეების და სავაჭრო სივრცეების მოწყობას ერთიანი გეგმარებით.
ამ მიმართულებით მუნიციპალიტეტმა უკანასკნელი თვეების განმავლობაში ძალიან ბევრი იმუშავა. ჩვენ გვქონდა და გვაქვს აქტიური კომუნიკაცია მესაკუთრეებთან და მათთან მიღწეული შეთანხმებით მუნიციპალიტეტი შეიმუშავებს განაშენიანების რეგულირების გეგმას, რაც იმას ნიშნავს, რომ თვითონ მუნიციპალიტეტი დაუკვეთავს მთლიან არეალში განაშენიანების რეგულირების ერთიან გეგმას. მართალია, მისი განხორციელების ვადა რამდენიმე წელია, თუმცა მთავარია, დავიწყოთ, შევთანხმდეთ, როგორ გარდაიქმნება ეს ზონა თანამედროვე, მაღალი სტანდარტის, მოწესრიგებულ სავაჭრო სივრცედ. გეგმარების ეტაპზე ჩაერთვება მუნიციპალიტეტი, ხოლო განხორციელებას უკვე თვითონ უძრავი ქონების მესაკუთრეები შეძლებენ”

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად