კახა კალაძე: ჩვენს ვიწროპარტიულ ინტერესებზე მაღლა უნდა დავაყენოთ ქვეყნის, საზოგადოების და ხალხის ინტერესები

“ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ყველამ, არ აქვს მნიშვნელობა, მმართველი პარტია იქნება თუ სხვა პოლიტიკური პარტიები, ჩვენს ვიწროპარტიულ ინტერესებზე მაღლა უნდა დავაყენოთ ქვეყნის, საზოგადოების და ხალხის ინტერესები“, – ამის შესახებ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ დღეს „ღამის კურიერის“ ეთერში განაცხადა.

“ძალიან სამწუხაროა, რომ საზოგადოება პოლარიზებულია. ეს ძალიან ცუდია, პირველ რიგში, ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის. თუმცა ერთი რამ მინდა ვთქვა, რომ ეს სამწუხაროდ, არ დაწყებულა 2012 წლიდან. მას შემდეგ, რაც ქვეყანამ დამოუკიდებლობა მოიპოვა, შეგვიძლია, გავიხსენოთ ჩვენი წარსული, უახლესი ისტორია და ვნახავთ, რა ცუდი ფაქტები მოხდა, რა მძიმე შედეგები მივიღეთ. ამ პოლარიზებამ, დაპირისპირებამ სამოქალაქო ომიც კი გამოიწვია. ამ ყველაფრის გახსენება ძალიან მძიმეა. ჩემი თაობის ადამიანებს ახსოვთ, რამდენად რთული და მძიმე იყო 90-იანი წლები. ეს არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ყველამ, არ აქვს მნიშვნელობა, ეს მმართველი პარტია იქნება თუ სხვა პოლიტიკური პარტიები, ჩვენს ვიწროპარტიულ ინტერესებზე მაღლა უნდა დავაყენოთ ქვეყნის ინტერესები, საზოგადოების და ხალხის ინტერესები“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, პოლიტიკურ პოლარიზაციასთან ბრძოლა საკმაოდ რთულია, რადგან ეს პრობლემა წლების განმავლობაში იდგა.

„2012 წელს, როდესაც „ქართული ოცნება“ მოვიდა ხელისუფლებაში, ჩვენ ვიყავით ის პოლიტიკური გუნდი, რომელმაც განაცხადი გააკეთა იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენს ოპონენტებს მოვექცევით არა ისე, როგორც იმსახურებენ, არამედ ისე, როგორც იმსახურებს ჩვენი ქვეყანა და ხალხი. შესაბამისად, ამის შედეგი იყო ის კოჰაბიტაცია და კოჰაბიტაციითაც რა მივიღეთ: ამ პოლიტიკური პარტიების მხრიდან ამის ბოროტად გამოყენება, აგრესია, სიძულვილის ენა. თუკი რაიმე ცილისწამება და სიბინძურე შეიძლება მოიფიქრო ადამიანმა, ყველაფერი იკადრეს. იმის მაგივრად, რომ კოჰაბიტაციის პირობებში შესაძლებელი ყოფილიყო კონკრეტული პოლიტიკური პარტიების განვითარება. შეიძლება რაღაც საკითხებთან მიმართებაში სხვადასხვა მოსაზრება გვქონდეს, მაგრამ არსებობს ხაზები, რომელთა გადაკვეთა არ შეიძლება. მთელი ამ ხნის განმავლობაში გრძელდება ეს აგრესია, რაც ძალიან ცუდია და სამწუხაროა“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

კომენტარები
იტვირთება...